ხელოვნება

სხვანაირი თომას ბერნჰარდი

9 თებერვალი, 2024 • 2200
სხვანაირი თომას ბერნჰარდი

9 თებერვალს დაიბადა თომას ბერნჰარდი, 11 თებერვალს კი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ავტორის გარდაცვალებიდან 35 წელი გავა.

ძნელია მოუძებნო მის ცხოვრებას გასაღები და ტექსტის დასაწყებადაც საწყისი წერტილის მოძებნა მეტად რთულია.

თანაბრად მნიშვნელოვანი ტექსტები აქვს პროზაშიც და დრამაშიც. ორივეგან ქმნის ძალიან მკაფიო, ინდივიდუალურ ხელწერას და სრულიად თვითმყოფად სტილს. მაგრამ ალბათ მთავარი, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს, მისი წერისადმი დამოკიდებულებაა. ბერნჰარდი წერას თვითგადარჩენად აქცევს, ცდილობს შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნას ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გავლილი ძალიან მძიმე მოვლენა-მოგონებები. ასე წერს თავის ხუთნაწილიან ავტობიოგრაფიულ ციკლს, რომელშიც ამ ყველაფერს აღწერს.

ბერნჰარდის პროზას უცნაური თვისება აქვს, შეიძლება მის ბიოგრაფიასთან პარალელები გაავლო და პაზლიც ერთი შეხედვით მარტივად ააწყო, თუმცა მის ტექსტებში თანაბრად შესაძლებელია,  გამონაგონი რეალობად იქცეს და პირიქით, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

„ისედაც ხომ ყველაფერი ნამდვილია, მიუხედავად იმისა, რეალურად მოხდა თუ არა ის. მეტიც, ხედვას  მეტი სინამდვილე აქვს, ვიდრე თავად  სინამდვილეს.“

ასე ეჯაჭვება მის ტექსტებში რეალობა და გამონაგონი ერთმანეთს, პარალელებით და ძიებებით შეიძლება დაიჯერო, რომ ბევრი რამ აღმოაჩინე, თუმცა მალევე მიხვდები, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; მისი მთხრობელებიც ხომ ყოველთვის ამ გზას ადგანან, ზედმეტად ცხადია მათი არასანდოობა და სუბიექტურობა, თუმცა ყოველთვის თვალდახუჭული მიყვები მათ განმეორებით თხრობას.

თომას ბერნჰარდის ავტობიოგრაფიული ციკლის მეორე ნაწილი „სარდაფი“ ისე წავიკითხე, როგორც მხატვრული ტექსტი. არ ვიცოდი, რომ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ვკითხულობდი.  ახლა ვუყურებ ჩემს ბიბლიოთეკიდან გადაბეჭდილ ასლში დასმულ ძახილის ნიშნებს (ასეთი კი თითქმის ყოველ გვერდზეა)  და თავიდან ვხვდები, რამდენად დიდი ნუგეში იყო  ჩემთვის.

„უწინ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი, ყოველ დაბრკოლებაზე და წინააღმდეგობაზე, რომელთაც თითქმის ყოველ წამს ვაწყდებოდი, ვცოფდებოდი. მაგრამ ახლა საკმარისია ჩავფიქრდე, თუ რატომ ხდება ასე და მიზეზის პოვნისთანავე ყურადღებას აღარ ვაქცევ მას, აღარაფერი მაფორიაქებს, არ მტანჯავს. ვისწავლე ჩემი ცხოვრების გაშიფვრა, ყოველი წვრილმანის გადასინჯვა, ყოველდღიური ფიქრი და ანალიზი იმის შესახებ, თუ რამ მიიყვანა ჩემი ცხოვრება აქამდე, რა იყო ამის მიზეზი. მივხვდი, მხოლოდ ეს იყო ცხოვრებასთან შებმის ერთადერთი ჭეშმარიტი შესაძლებლობა, თავის გატანის საუკეთესო იარაღი.” (გამომცემლობა „არილი“. თარგმანი: მაია მირიანაშვილი).

ავტობიოგრაფიაში დეტალებამდე აღწერილი ამბები, წლების შემდეგ დაწერილი მოგონებები და ავტორის ხედვა, რომელსაც ამ ამბების თხრობისას აწყდები, სხვანაირია, ისეთი, როგორსაც ბერნჰარდს ხშირად არ იცნობენ. ყველანაირად ახასიათებენ მას, მიზანთროპად, ავსტრიის მოძულედ, ძმის  ციტატებიც მოჰყავთ მაგალითად, მაგრამ სწორედ აქ ხდება მისი გაცნობა და შეცნობა; აქ იპოვით მას ოთახში, რომელსაც განსასვენებელს უწოდებს, ფილტვებში წყალჩამდგარს, სიკვდილის პირას მოცარტზე მოფიქრალს; როცა აცნობიერებს, რომ ვეღარასოდეს გახდება საოპერო მომღერალი, ვეღარ აიხდენს მისსა და ბაბუამისის საერთო ოცნებას.

თუმცა მივა წერამდე, რომელსაც თვითგადარჩენად გადააქცევს:

„ბერნჰარდის პროზაული პერსონაჟებისგან განსხვავებით, რომლებიც მიზანდასახულად ისწრაფვიან თვითმკვლელობისკენ, ბერნჰარდი თავის ავტობიოგრაფიულ ტექსტებში ამ მოდელს აბრუნებს და პერსონაჟების მსგავსად, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, წერას, როგორც თერაპიას მიმართავს. თავადვე აღნიშნავს, რომ მანიაკური მძვინვარება წერის მიმართ მისთვის თვითმკვლელობის უკუმგდები ძალაა“, – აღნიშნავს მკვლევარი ალფრედ ჰორნუნგი.

ხელოვნების მნიშვნელობის ძიებასთან ერთად, ფიქრი გახდება მისი ნაწარმოებების მუდმივად თანმდევი ასპექტი. მოთხრობაში „კულტერერი“, რომელიც არც სტრუქტურით და არც თხრობით არ ჰგავს მის რომანებს, პროტაგონისტი, რომელიც დანაშაულისთვის ციხეში იხდის სასჯელს, სწორედ ფიქრამდე და ანალიზამდე მისვლით შეძლებს ციხეშივე მოიპოვოს თავისუფლება – ხშირად აზრი, რომელიც მას ღამღამობით მოსდიოდა, მოულოდნელად ხდებოდა მისთვის ერთადერთი არსებითი რამ და თავისუფლება, რომელიც საკუთარ თავთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევდა იმ უბედურების შემდეგ, რომელიც  უგონო მდგომარეობაში ჩაიდინა.

კიდევ ერთი რამ, რაც ბერნჰარდს მეტად ახლობელ ავტორად აქცევს,  მისი დამოკიდებულებაა ავსტრიის მიმართ. კრიტიკა ელიტური საზოგადოებისა, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს, სადაც საზოგადოებაში მიღებული ხელოვანები „სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა პატარა, გაიძვერა, ამპარტავან სახელმწიფო წურბელებს, რომლებმაც რამდენიმე სასაცილო პრიზსა და განაღდებულ პენსიას ანაცვალეს ლიტერატურა და ხელოვნება, მიეყიდნენ სახელმწიფოს და მის კულტურის სფეროს მოხელეებს და, ამასობაში, ისევე უსინდისოდ აქციეს ჩვეულებად ეპიგონური კიჩი, როგორც დაფინანსების გამცემი სამინისტროების კიბეებზე ასვლა.“ („ტყის ჩეხა“, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი, მაია ფანჯიკიძე).

ბერნჰარდის ბოლო პიესაც „გმირთა მოედანი“ ამ გზის ფინალია. ისრაელელი პროფესორი, იოსეფ შუსტერი, რომლის სახლიც ვენის „გმირთა მოედანს“ გადაჰყურებს, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ამბობს – ვენაში ყველაფერი ბევრად უარესადაა, ვიდრე ჰიტლერის დროს; დღეს აქ უფრო მეტი ნაცისტია, ვიდრე 1938 წელს. მის ბინაში ჯერაც ისმის ჰიტლერის საზეიმო დახვედრის შეძახილები და მათი ხმა აყრუებს ყველაფერს.

თომას ბერნჰარდისა და ავსტრიის ურთიერთობას, საძულველ სიყვარულს, საუკეთესოდ აღწერს ციტატა მისი ავტობიოგრაფიიდან:

„როდესაც კვლავ ჩვენს ქალაქში ვხვდები, ხასიათი მსწრაფლ მიფუჭდება, კაეშანი მიპყრობს, უფრო სწორად, ყოველივე მთრგუნავს და მაღიზიანებს ან ორივე ერთად – მაღიზიანებს და მთრგუნავს; ეს გრძნობა მილაკში სინდიყივით მაღლა იწევს, მაგრამ ახლა, ოცი წლის შემდგომაც, მტკივნეულია და თავს ვეკითხები: რაა მიზეზი ასეთი სულიერი თუ გონითი მდგომარეობისა. არავინ მაიძულებს აქ მობრუნებას, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდები (აზრშიც და ცხადშიც), ვბრუნდები თავად არ ვიცი რატომ და ყოველთვის რაღაცას ველი, ვიცი რა – აქ არცრა მელოდები, სულისა და აზრის მკვლელ გარემოში; ვიცი, კვლავ უხეიროდ ვიგრძნობ თავს, ამდენად, ყოველ ჯერზე განუხრელად ვეუბნები თავს: არასოდეს დავყვები ამგვარ განწყობას, ანუ არ დავნებდები ამ ქალაქს, არ ჩამოვალ აქ, ფიქრსაც კი შევწყვეტ მასზე.

მართალია, შეძლებისდაგვარად, სრულიად ნათლად ვაცნობიერებ, რომ შემიძლია ჩამოვიყალიბო დამოკიდებულება ამ ქალაქისადმი, მისი არქიტექტურისადმი, ბუნებისადმი, რომელსაც განუშორებლად უკავშირდება ჩემი დაბადება, ბავშვობა, ყრმობა; ხანგრძლივი თუ მცირე დროის გავლის შემდგომ, საღი აზრის საზიანოდ, მაინც ვნებდები ჩემ სისუსტეს, ამ დაუოკებელ ვნებას და ვსტუმრობ, ჩამოვდივარ – მნიშვნელობა არ აქვს საიდან – ამ ქალაქში, აი იქ, სადაც რადიკალურად მეცვლება გუნება-განწყობილება, სადაც მხოლოდ საშინელი, უბრალოდ მომაკვდინებელი მოგონებები მელოდება, რომლებიც სულს მიწეწს…

და, მაინც, ვერასგზით გადავეჩვევი ჩემი ბავშვობის (სიყრმის) ქალაქს; აქ მოხვედრისას დღემდე დაუცველად ვგრძნობ თავს და არც შეწინააღმდეგების ძალა გამაჩნია… საღი აზრის საწინააღმდეგოდ, კვლავ ვისმენ უგვანო აზრებს, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, ასევე რაღაცაზე ვსაუბრობ, მაშინ, როდესაც უნდა ვდუმდე და ვდუმვარ მაშინ, როდესაც უნდა ვლაპარაკობდე.” (თარგმანი: რამაზ ჭილაია)

მასალების გადაბეჭდვის წესი