ახალი ამბები

„ჩვენი ინფორმაციით, საქართველო ვერც 2023 წელს მიღეებს კანდიდატის სტატუსს“ — 3 პარტიის განცხადება

27 ოქტომბერი, 2022 • 657
„ჩვენი ინფორმაციით, საქართველო ვერც 2023 წელს მიღეებს კანდიდატის სტატუსს“ — 3 პარტიის განცხადება

სამი ოპოზიციური პარტია — „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“  —ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა ელოდოს კანდიდატობაზე დადებით გადაწყვეტილებას.

პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მათ არაერთი შეხვედრა ჰქონდათ ევროპელ პოლიტიკოსებთან და ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, „რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12- პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში“.

„აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც დაგვხვდა ამ შეხვედრების დროს. კერძოდ:

  • ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისათვის, რათა 2022 წლის ივნისში მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე, როგორც რიგ შემთხვევებში არგადადგმულმა ნაბიჯებმა, განაპირობა სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12- პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა;
  • 2022 წლის ბოლოს ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით, მაღალი ალბათობით, რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
  • შეფასების მომზადება დაიწყება 2023 წლის თებერვალ-მარტში; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ, რადგან ამ წუთისთვის სახეზე არ არის რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
  • შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
  • შეფასება, მაღალი ალბათობით, იქნება ნეგატიური, ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;
  • ასეთი მაღალი ალბათობის საფუველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ უკვე დაიგვიანა ნაბიჯების გადადგმა და სულ უფრო ცოტა დრო რჩება პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი“, – წერია განცხადებაში.

„მივმართავთ “ქართულ ოცნებას”:

თუ ივანიშვილი დაგრთავთ ნებას, მზად ვართ, თქვენთან ერთად დავსხდეთ ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა“, – ამბობენ პარტიები.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ ვადამ გადაიწია და 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი