ახალი ამბები

ვერ გეტყვით, ვინ არიან ოლიგარქები – გაფრინდაშვილი

26 ოქტომბერი, 2022 • 799
ვერ გეტყვით, ვინ არიან ოლიგარქები – გაფრინდაშვილი

სახალხო დამცველობის კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ვერ დაასახელებს, კონკრეტულად ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ოქტომბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

ოლიგარქების შესახებ კითხვა გაფრინდაშვილს „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა დაუსვა.

„თქვენ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაქვთ გაკეთებული, დეოლიგარქიზაციას არ უჭერენ მხარს პოლიტიკოსები. არადა, 80 მილიონზე მეტის მქონე ადამიანს ეს კანონი ოლიგარქად გამოაცხადებს და მედიის და პარტიის დაფინანსებას აუკრძალავსო. მინდა გკითხოთ, არსებობენ საქართველოში ოლიგარქები დღეს და თუ არსებობენ, ვინ არიან ისინი?“, – ჰკითხა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილს ლელა გაფრინდაშვილმა უთხრა, რომ ამ საკითხს ისე კარგად არ იცნობს, რომ ამ კითხვას უპასუხოს.

„არ ვიცნობ ამ საკითხს ისე კარგად, რომ გიპასუხოთ, ვინ არიან ოლიგარქები. მე არ მგონია, რომ ოლიგარქების სია არ არსებობდეს, პოლიტიკური ძალები, მით უმეტეს, მმართველი პარტია, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ასეთი სია არსებობდეს. ეს ხომ საიდუმლო არ არის.

ამიტომ, თუ მე რომელიმე საიტზე ან მონაცემთა ბაზაში ასეთ ინფორმაციას ვნახავ, ამაზე ვისაუბრებ. ჩემი საქმიანობის სფერო ამ მომენტში ამ საკითხთან დაკავშირებული არაა. მე მიმაჩნია, რომ ოლიგარქები ზოგადად პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, მათი საქმე პოლიტიკა არაა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ოლიგარქების ფული პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს და პოლიტიკა უნდა აკეთოს ხალხმა და არა ფულიანმა ხალხმა“, – უპასუხა გაფრინდაშვილმა მათიკაშვილს.

ამის შემდეგ მათიკაშვილმა გაფრინდაშვილს კითხვა დაუსვა დეოლიგარქიზაციის შესახებ და ისევ სთხოვა ოლიგარქების დასახელება.

პასუხად გაფრინდაშვილმა გაიმეორა, რომ არ იცის, ვინ არიან ოლიგარქები.

„მე გითხარით ჩემი პოზიცია. რა თქმა უნდა, ფული პოლიტიკაში ყველგან მონაწილეობს, მაგრამ დეოლიგარქიზაცია იმას მაინც უნდა ნიშნავდეს, რომ არსებობდეს ზღვარი, რამდენი ფული უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში. ამის გაკეთება ძალიან ნორმალური და საჭიროა“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

ამავე სხდომაზე გაფრინდაშვილმა ისაუბრა, რომ მას და სახალხო დამცველობის კიდევ რამდენიმე კანდიდატს მედიაში დრო არ დაეთმოთ.

გაფრინდაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატებიდან შეფასების კომისიის მიერ დაწერილი უმაღლესი ქულების მიხედვით პირველ ათეულშია.

სწორედ პირველ ათეულში  მყოფ კანდიდატებს შესთავაზა ნეტგაზეთმა წერილობითი ინტერვიუები. თუმცა დროის არქონის მიზეზით უარი თქვა.

დეოლიგარქიზაცია, სააკაშვილი, პრაიდი და სხვა — ომბუდსმენობის კანდიდატთა მოსაზრებები

მასალების გადაბეჭდვის წესი