საზოგადოება

ცნობილია, რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა

21 ნოემბერი, 2023 • 1906
ცნობილია, რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა

ცნობილი გახდა, რას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის „დეოლიგარქიზაციის გეგმა“.

„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების შესახებ. დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით:

  1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
  2. სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
  3. კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
  4. მართლმსაჯულება;
  5. ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
  6. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  7. მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).

სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნულ სფეროებში უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ზომები, ასევე, შემდგომი აქტივობები.

კორუფცია

კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში სამომავლო აქტივობები ითვალისწინებს ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს და სხვა ანტიკორუფციული ორგანოების შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის გზით.

სამოქმედო გეგმის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილება მიენიჭება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში.

ბიუროს გაძლიერება ითვალისწინებს შიდა განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ტრენინგებს და ვორკშოფებს. სამთავრობო გეგმის თანახმად, ჩამოყალიბდება ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიული ჩარჩო შემდეგი დოკუმენტებისგან: ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. ასევე, შემუშავდება და განახლდება ანტიკორუფციული რისკის შეფასების, საჯარო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგისა და პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგიური დოკუმენტები.

გაფართოვდება ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული პირების სია. შემუშავდება ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა.

ანტიკორუფციულ ბიუროს პირდაპირი წვდომა ექნება საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებზე.

იგეგმება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დახვეწა (მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლების მინიჭება, სახდელის სახეებისა და ოდენობების განსაზღვრა).

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სრულიად ახალი ეკოსისტემისა და სამართლებრივი ბაზის ამოქმედებას:

  • ახალი რეგულაციების დამტკიცება, რომელიც ხელშემკვრელ ორგანოებს ბაზრის კვლევის შედეგების და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტების ატვირთვას დაავალდებულებს, რათა შემცირდეს შესყიდვის პირობების მორგება კონკრეტულ პირზე/ეკონომიკურ ოპერატორზე;
  • ქვეკონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამჟღავნების ახალი რეგულაციების დამტკიცება;
  • შავ სიაში მყოფი ეკონომიკური აქტორების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებიდან გამორიცხვა.

სამოქმედო გეგმით, 2023 წლის მეოთხე კვარტლიდან დაგეგმილია სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის დაგეგმვა და მართვა; პროფესიონალთა და ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფზე ორიენტირებული სპეციალიზებული ბროშურების, ბუკლეტების, ბროშურების შედგენა, მომზადება და გავრცელება; აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, პრესკონფერენციების გამართვა…

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მოდერნიზაცია ითვალისწინებს ახალი ელექტრონული პროცედურების და ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვას, მეტ გამჭვირვალობას და უფრო მიზნობრივ ფოკუსირებას „რისკ-ფაქტორების“ გათვალისწინებაზე.

კონკურენციის პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გააგრძელებს კონკურენციის წესების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასევე, გააფართოებს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებას კონკურენციის რეგულაციების ეფექტიანად განხორციელებისთვის, დანერგავს მეტ სიცხადეს კონკურენციის პოლიტიკაში და ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას.

მართლმსაჯულება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის ასპექტები ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტის პარალელური პროცესებით არის დაფარული და, შესაბამისად, ისინი აქ არ განიხილება.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით კი გათვალისწინებულია:

  • მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა გონივრულ ვადებში დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;
  • საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია;
  • სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა;
  • მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;
  • სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება;
  • სასამართლოს მიმართ ნდობის შემდგომი გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით; სასამართლოების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;
  • სასამართლო პროცესებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის ხელშეწყობა;
  • მთარგმნელობითი სერვისების გაუმჯობესება სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა სათანადოდ უზრუნველყოს მსმენელების შესაბამისი რაოდენობის მომზადება, რაც აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

ფულის გათეთრებისა წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველოს ხელისუფლება აანონსებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციების ეტაპობრივი განხორციელებას, ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნას, საქართველოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის განახლებას, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის გლობალური ფორუმის ახალ EOIR სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას; ორმაგი საგადასახადო ხელშეკრულებების გაფორმება მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა გეგმავს,
აკრძალოს იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის განხორციელება;
პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წლიური დანახარჯების ზედა ჭერის დაბლა დაწევას და პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნებას.

მედია

მედიის ნაწილში ქართული მხარე ჯერ აპირებს მედიამფლობელობის შესახებ ევროკავშირის/ევროპის საბჭოს შესაბამისი კანონმდებლობის სკრინინგს და ანალიზს, შემდეგ კი, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიღებით. აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ და პარტნიორებად სამოქმედო გეგმაში დასახელებულია საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების კომისია, მედიაკომპანიები და ევროპის საბჭო.

წინაისტორია

ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუსახა 12 პრიორიტეტის შესრულება, რომელთაგან ერთ-ერთი იყო „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით“.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა და აცხადებდა, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხებოდა. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

ვენეციის კომისიამ შეაფასა, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრება გაიზიარა ევროკავშირმაც და თბილისს მოუწოდა, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო.

14 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც თავად არ გაუსაჯაროებიათ. მთავრობა აცხადებს, რომ დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს 7 მიმართულებით და დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საბჭოს, რომ საქართველოს  კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. თუმცა დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტმა 12 რეკომენდაციიდან გადმოინაცვლა 9 ნაბიჯშიც, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციაა დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

„ოცნებამ“ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი