ახალი ამბები

დაჯილდოებული მამა დავით ისაკაძე

11 მაისი, 2010 • • 3902
დაჯილდოებული მამა დავით ისაკაძე

„ეს არის ჯილდო ეკლესიაში მსახურებისთვის“,–ასე განმარტავს მამა მიქაელ ბოტკოველი ილია მეორის მიერ მამა დავით ისაკაძისთვის მიტრის ტარების უფლების და დამშვენებული ჯვრის მინიჭების ფაქტს.

„ პატრიარქი ექსკლუზიურად იღებს გადაწყვეტილებას, ვინ დააჯილდოვოს და ვინ არა. ის საკმაოდ დიდი ხნის მღვდელია და აქ ასეთი პრინციპია, რაღაც დროის შემდეგ აჯილდოვებენ“,–ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

რას ფიქრობს საპატრიარქო იმ მოვლენებზე, რომლებიც ილიას უნივერსიტეტის ირგვლივ და მოგვიანებით კავკასიის ეთერში განვითარდა, უცნობია.

„მე ამ თემით არ ვარ დაკავებული და პასუხს ვერ გაგცემთ“,–გვპასუხობს ბოტკოველი, „მე ამ საკითხზე პატრიარქთან არ მისაუბრია, არავის აქვს უფლება თქვენთან გასაუბრების, თუ უშუალოდ პატრიარქის დავალება არ არის“.

თუმცა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს პრეს–ცენტრი განცხადებას ამზადებდა, რომლის სავარუდო ტექსტი მას ნანახი აქვს. „არ ვიცი, რატომ არ გაკეთდა აქამდე განცხადება“,–ამბობს ბოტკოველი.

ყველა მცდელობა, საპატრიარქოში მიგვეღო პასუხი ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირებისგან, უშედეგოდ დასრულდა.

სამდივნოს თანამშრომლები პასუხობენ ტელეფონს, თუმცა, ვერაფრით გეხმარებიან, რადგან აქ მარტივი წესები მოქმედებს. ილია მეორის კურთხევის გარეშე კომენტარს ვერავინ გააკეთებს. შესაბამისად, არ არის ადამიანი, რომელიც ჟურნალისტს ეტყვის, თუ რას ფიქრობს საპატრიარქო საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების თაობაზე და რას ნიშნავს მამა დავით ისაკაძისთვის მიტრის ტარების უფლების მინიჭება, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ერთ–ერთი აქტიური სასულიერო პირი იყო ილიას უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციების, ასევე, კავკასიის ეთერში მომხდარი ინციდენტების დროს.

მამა დავით შარაშენიძე საპატრიარქოს პრეს–ცენტრის უფროსია. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ –არ მცალია –მითხრა და მას შემდეგ ტელეფონისთვის არ უპასუხია.

კახაბერ კურტანიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი სასულიერო პირი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიტრის ტარების მინიჭების, როგორც წესი, სპონტანურად არ მიიღება. ის ვარაუდობს, რომ პატრიარქმა გადაწყვეტილება მამა დავით ისაკაძის დაჯილდოვების შესახებ ილიას უნივერსიტეტთან გამართულ აქციებამდე და „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მიღო.

„და შემდეგ აღარ გადაიფიქრა, იმიტომ, რომ გადაფიქრება შეიძლება ყოფილიყო აშკარა, პირდაპირი მორალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მიმართ, რასაც იგი მოერიდა“,–ამბობს კახაბერ კურტანიძე. 

მამა დავით ისაკაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მისი სახელი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უკავშირდება. ის წლების მანძილზე ამ კავშირთან ერთად აპროტესტებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური 2008 წელს ერეკლე მეორის ქუჩაზე ჰელოუინის აღნიშვნის ჩაშლა იყო.

Image 1217
Image 1217

კავკასიის ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც ღიად მოხდა ფიზიკური შეხლა–შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა და გადაცემის სტუმრებს და ტელევიზიის თანამშომლებს შორის, 7 მშკ–ს თანამოაზრე დააკავეს. მამა დავით ისაკაძე, ასევე, იმყოფებოდა ტელეკომპანია კავკასიაში. იგი არ იყო მიწვეული სტუმარი. თუმცა, თავის თანამოაზრეებთან ერთად იდგა შენობის გარეთ და ინციდენტის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ეთერშიც აღმოჩნდა.

კახაბერ კურტანიძე იხსენებს რა საქართველოს ისტორიის უკანასკნელ 20 წელიწადს, ამბობს, რომ ამ დროის მანძილზე რადიკალური და ცალსახა განცხადებები ილია მეორეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ის არც ელოდა, რომ საპატრიარქოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე  ცალმხრივი კომენტარი გაკეთდებოდა. თუმცა ის, რაც კვირას, 9 მაისს, სვეტიცხოველში მოხდა, მისთვის მოულოდნელი შოკი იყო.

კახაბერ კურტანიძე თავის ახსნას უძებნის პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ილია მეორემ ამ ქმედებით დაიცვა ეკლესია.

„პატრიარქი შეეცადა, გაენეიტრალებინა შემდგომი ჩარევა, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ უკვე  საპატრიარქოზე განახორციელოს.“

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კავკასიაში „მივარდნა“ საერთაშორისო რეზონანს გამოიწვევდა, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება რომ არ ყოფილიყო. მისი აზრით, მამა დავით ისაკაძის დაჯილდოვებას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

„იყო საფრთხე,რომ ისაკაძის და მსგავსი ტიპის მღვდლების მხრიდან იქნებოდა პროტესტი, ამიტომ, შესაძლოა, სთხოვეს პატრიარქს, ისაკაძე გაეჩერებინა. მანაც იმის სანაცვლოდ, რომ ეს უკანასკნელი არ იხმაურებდა, დააჯილდოვა. სხვა შემთხვევაში ეს დაჯილდოვება პირდაპირი წაქეზებაა ძალადობის“,–ამბობს ზურაბიშვილი. მისი აზრით, ამ ორ ვერსიას შორის რომელი შეესაბამება სიმართლეს, განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოჩნდება.

მამა დავით ისაკაძე ათონის მთის სულიერების და ეთოსის (ცხოვრების წესი)მიმდევარია.  ის ერთ–ერთი იმ სასულიერო პირთაგანია,რომელიც ამბობს, რომ ქართული გალობა არაკანონიკურია. წმინდა მარინეს ეკლესიაში , რომელსაც ისაკაძე ხელმძღვანელობს, ბიზანტიურად გალობენ (მონოფოლიური გალობა).

„სწორედ, ბიზანტიური წესის მიხედვით, მიტრა არ ედგმევა მღვდელს. ის დააჯილდოვეს იმით, რასაც იგი მაინც და მაინც არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, პატრიარქი მთლად კოჭს არ უგორებს ისაკაძეს. ვინაიდან დააჯილდოვა იმ წესით, რომელ წესსაც მისდევს პატრიარქი და არ ითვალისწინებს ისაკაძის უარყოფით სენსიტიურობას მიტრის მიმართ“,–ამბობს კახაბერ კურტანიძე.

ილიას უნივერსიტეტთან გიგი თევზაძის გადადგომის მოთხოვნით აქციები 4 მაისს დაიწყო. დაპირისპირება, რომელიც სტუდენტების ნაწილსა და მშკ–ს წევრებს შორის დაიწყო, მალე მთელ საზოგადოებაში გადაინაცვლა. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაშავდა. არ წყდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები. თუმცა, მას შემდეგ,რაც 7 მშკ–ს თანამოაზრე დააკავეს, აქციები და რეაქციებიც მინელდა.

გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, რომელზეც „სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ კავკასიის ეთერში მომხდარ ინციდენტში გადაცემა ბარიერის წამყვანი დაადანაშაულა, ეს მოძრაობა, ასევე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, აღარ აქტიურობს.

კახაბერ კურტანიძე ფიქრობს, რომ ეს სიჩუმე დროებითია, რადგან რეალურად პრობლემა არ გადაწყვეტილა.

თემა, რომელზე კამათიც, ერთი შეხედვით, დასრულდა, არ არის გადაჭრილი. კურტანიძეს დავით ზურაბიშვილიც ეთანხმება: „დღეს ექსტრემიზმის პრობლემა ვერც ეკლესიის შიგნით გადაწყდება  და ხელისუფლება რომ ვერ გადაწყვეტს, ამაზე, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი“.

გამოსავალი კი ორივე მათგანს მხოლოდ ერთი აქვს–საზოგადოებრივი აქტივობა.

„გაბედეთ, მხნეობა მოიკრიბეთ, იაზროვნეთ…”ძეგლები ინგრევიან – კვარცხლბეკები რჩებიან”,–ამბობს კახაბერ კურტანიძე.

მამა დავით ისაკაძე
მამა დავით ისაკაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი