ახალი ამბები

„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“ — დეპუტატი ამილახვარი ბავშვებისთვის დენის დარტყმაზე

13 ოქტომბერი, 2022 • 3270
„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“ — დეპუტატი ამილახვარი ბავშვებისთვის დენის დარტყმაზე

„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე.

ამილახვარმა თქვა, რომ რეკონსტრუქციის მიმდინარეობოსას, ბუნებრივია, შეიძლება იყოს „ტექნიკური შეფერხება“, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა. ძირითადი კასკადის რეაბილატია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სქრინი თბილისის მერიის ვებგვერდიდან

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიდინარეობს რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და გამოიწვიოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს — არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს“, — მიმართა ამილახვარმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის რეპლიკის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების ზომების დაუცველობას ეხებოდა, კი თქვა: „სად, როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს?“

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა – დაიღუპა.

გიორგი ამილახვარის კომენტარი ჩაწერილია მანამდე, სანამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გახდებოდა ცნობილი.

განახლება: მოგვიანებით გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში ბავშვებისთვის დენის დარტყმის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადება განმარტა. მან ბოდიში მოუხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებს და თქვა, რომ თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა. დეპუტატის თქმით, ჟურნალისტის კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე შეექმნა აღქმა, რომ ბავშვებს დენმა სამშენებლო მოედნის არეალში დაარტყა.

ამილახვრის ბოდიში და ბრალდება ჟურნალისტის „კითხვის კონტექსტს“


ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყა, დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა

მასალების გადაბეჭდვის წესი