ახალი ამბები

განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

28 სექტემბერი, 2024 •
განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ამილახვარი ამბობს, რომ თავად სთხოვა პრემიერ-მინისტრის, კერძო სექტორში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

“2020 წელს შემოვუერთდი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა – შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა”, – წერს ამილახვარი და ამატებს, რომ დარჩება “ქართული ოცნების” “რიგით ჯარისკაცად”.

ბოლო პერიოდში, განათლების სამინისტროს მისამართით ბევრი კითხვის ნიშანი და უკმაყოფილება ისმოდა. მაგალითად, გუშინ, 27 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წელში გადამოწმების დათქმით მიანიჭეს. განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია სამინისტროს მიერ უნივერსიტეტის დატერორების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ასე პასუხობს ხელისუფლება ილიაუნის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის საჯარო პოზიციებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსულ კანონს წინააღმდეგ. თავად უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას აპირებს.

რუსული კანონის მიღებას, ჯერ კიდევ მისი განხილვის პროცესში, სხვა არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორი საჯაროდ შეეწინააღმდეგა. საპასუხოდ, რექტორთა კონფერენციამ, რომელიც 38 უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირისგან შედება, გააკრიტიკა ის სტუდენტები და ლექტორები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად გაფიცვა გადაწყვიტეს. რექტორების განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

სასწავლო წლის დაწყებამდე, გიორგი ამილახვარმა იმ სკოლების ნაწილში, სადაც დირექტორიები კონკურსის წესით ვერ აირჩიეს, მოვალეობის შემსრულებლები გაათავისუფლა და ახალი კადრები დისკრეციულად დანიშნა. გათავისუფლებული დირექტორების ნაწილი ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით მიიღო.

პრობლემური იყო დირექტორთა შესარჩევი კონკურსიც, რომელიც ობიექტურობასაც ბევრი მასწავლებელი აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. დირექტორობის მსურველთა ნაწილის პროტესტის შემდეგ, მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისში ხელახალი კონკურსი დანიშნა. თუმცა პროტესტი გაგრძელდა. მათ შორის, უკიდურესი ფორმებით – შიმშილობით.

პედაგოგთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა გიორგი ამილახვრის მიერ პედაგოგებისთვის შეთავაზებულ კარიერული განვითარების ახალ გეგმას. აწ უკვე ყოფილი მინისტრი პედაგოგებს ხელფასების მომატებას თავდაპირველად 2024 წლიდან დაჰპირდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ანაზღაურების ზრდა არა ახალი წლიდან, არამედ ახალი სასწავლო წლიდან იგეგმებოდა. საბოლოოდ, მასწავლებელთა ანაზღაურება 2024 წლის ივლისიდან გაიზარდა. თუმცა ბევრი პედაგოგისთვის ხელფასების ზრდის მოდელი მიუღებელი აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი