ახალი ამბები

პროტესტის მეათე ღამე: რა ხდება ირანში

26 სექტემბერი, 2022 • 1097
პროტესტის მეათე ღამე: რა ხდება ირანში

ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციები და სამთავრობო ძალებთან შეტაკებები გასულ ღამესაც გაგრძელდა.

გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მოქალაქეები კვლავ გამოდიან დემონსტრაციებზე, რომლებიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამ ფონზე ხელისუფლება უცხო ქვეყნებს აკრიტიკებს.

ირანში დემონსტრაციები 16 სექტემბერს, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობისთვის” . ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი ათეულობით ქალაქსა და სოფელს მოედო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია 41 დაღუპულის შესახებ იუწყება, თუმცა ამბობს, რომ რიცხვი თავად დათვალა და ის არაოფიციალურია. როგორც ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr წერს, დაღუპულთა შორისაა პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის, “ბასიჯის” 8 წევრი.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, მსხვერპლთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია. ნორვეგიაში მოქმედმა ორგანიზაციამ “Iran Human Rights” კვირას საღამოს თქვა, რომ აქციებზე, სულ მცირე, 57 ადამიანი დაიღუპა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის ფონზე რთულია მონაცემის განსაზღვრა.

პროტესტი 25 სექტემბრის ღამითაც გაგრძელდა ირანის ქალაქებში. მათ შორისაა თეირანი, მეშჰედი, ისპაანი, იაზდი და შირაზი. სხვა სლოგანებთან ერთად, კვლავ ისმოდა შეძახილი “სიკვდილი დიქტატორს”.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის, რეფორმების მომხრე აქტივისტები და ჟურნალისტები.

მიმდინარე დღეებში ხელისუფლებამ პროსამთავრობო აქციებს გაუწია ორგანიზება, პრეზიდენტმა კი თქვა, რომ პროტესტს „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდნენ. თუმცა ამ ფაქტებს ხელი არ შეუშლია პროტესტის მონაწილეთათვის, კვლავ გამოსულიყვნენ ქუჩაში.

პროტესტის ფონზე ირანის ხელისუფლება უცხო ქვეყნებს აკრიტიკებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა და ახსენა “მტრული ატმოსფერო”, რომელსაც “ლონდონში მოქმედი სპარსულენოვანი მედიასაშუალებები ქმნიან”.

სახელმწიფო მედიის თანახმად, თეირანმა დაიბარა ნორვეგიის ელჩიც და მწვავედ გააპროტესტა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარის, მასუდ ღარახანის კომენტარები აქციებთან დაკავშირებით. ღარახანიმ, რომელიც თეირანშია დაბადებული, მხარი დაუჭირა ირანში მიმდინარე პროტესტს.

ირანმა გააკრიტიკა აშშ-ც, აღნიშნა რა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაარღვიოს ირანის სუვერენიტეტი.

პროტესტი ირანში

მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებზე, რომლებმაც მრავალი ქალაქი მოიცვა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში.

სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ პროტესტის მონაწილე ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა, დემონსტრაციაზე შეკრებილი კაცები კი ტაშითა და მხარდაჭერის შეძახილებით ხვდებიან აღნიშნულს.

საერთაშორისო მედიაში ამჟამად მიმდინარე პროტესტს არაერთგზის ადარებენ გასული პერიოდის, მათ შორის, 2009, 2017 და 2019 დემონსტრაციებს. როგორც BBC წერს, მიმდინარე აქციები არის ყველაზე დიდი გამოწვევა ირანის ხელისუფლებისთვის წლების განმავლობაში.

როგორც The Guardian-თან საუბრისას აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის United for Iran ხელმძღვანელი ფირუზე მაჰმუდი, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი, მასშტაბური აქციები კონკრეტულ ქალაქებში იმართებოდა, ახლა კი პროტესტი პატარა ქალაქებშიც გაიშალა.

ის ხაზს უსვამს ქალთა ჩართულობას პროტესტში, თავსაბურავების მასობრივად მოხდას და აქციაზე გახმიანებულ, თანასწორობის იდეის მატარებელ სლოგანებს “ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს დებს” და “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

მეორე მხრივ, BBC აღნიშნავს, რომ მიმდინარე დემონსტრაციები იმართება როგორც საშუალო, ისე მშრომელთა კლასით დასახლებულ ტერიტორიებზე, მის მონაწილეებს კი ამოძრავებთ როგორც ეთნიკური თუ ლოკალური, ისე სხვა, უფრო ინკლუზიური საკითხები.

პროტესტი მრავალგზის ხასიათდება დაპირისპირებით უსაფრთხოების ძალებთან, რომლებიც დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობენ. დემონსტრანტები წვავენ პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს, ანადგურებენ და აზიანებენ ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერებს. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები.

მაჰსა ამინის დაღუპვა ფართოდ დაგმეს დასავლეთის ქვეყნებსა და გაეროში. რიგ ქვეყნებში სოლიდარობის აქციები ჩატარდა. კვირას ლონდონში, ირანის საელჩოსთან გამართული აქცია ქაოსში გადაიზარდა, იყო ქვების სროლა პოლიციის მისამართით. დააკავეს 5 ადამიანი. რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, თუმცა არცერთი — სერიოზულად.

მაჰსა ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

არსებობს ცნობები, რომ პოლიციამ ამინი თავში ხელკეტით სცემა და ავტომობილზე მიარტყმევინა თავი. პოლიცია ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ ქალს “გულის უეცარი უკმარისობა” დაემართა.

თავის მხრივ, მაჰსა ამინის ოჯახში ამბობენ, რომ ის ჯანმრთელი იყო. გარდაცვლილის მამის, ამჯად ამინის თქმით, ქალს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

ამჯად ამინი BBC-ს ეუბნება, რომ ექიმები საშუალებას არ აძლევდნენ, ენახა შვილის ცხედარი, ხოლო მას შემდეგ, რაც დასაკრძალად გაამზადეს,მამამ მხოლოდ მაჰსა ამინის სახისა და ფეხების დანახვა შეძლო.

ის ასევე ამბობს, რომ მოწმეებმა ოჯახს უამბეს მაჰსა ამინის ცემის შესახებ პოლიციის ფურგონსა და განყოფილებაში.

მაჰსა ამინი 

მანამდე, თეირანის პროვინციის სასამართლო მედიცინის უწყების გენერალურმა დირექტორმა, მეჰდი ფარუზეშმა თქვა, რომ თავისა და სახის არეში ამინის დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა, თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევებიც არ ჰქონია და არც მოტეხილობები თავის ქალაზე.

ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ქალს არც შინაგანი დაზიანებების ნიშნები ჰქონია.

მაჰსა ამინის მამა ტყუილს უწოდებს მტკიცებას, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთაც, შესაძლოა, წვლილი მიუძღოდეს მის გარდაცვალებაში. თეირანის სასამართლო მედიცინის უწყების გენ. დირექტორს ნათქვამი აქვს, რომ ქალს ტვინის ოპერაცია გაუკეთეს 8 წლის ასაკში.

“ისინი იტყუებიან… გასული 22 წლის მანძილზე ის არცერთ საავადმყოფოში არ მოხვედრილა, გარდა გაციებასთან დაკავშირებული რამდენიმე ავადმყოფობისა… ” ,— დასძენს ამჯად ამინი და ამბობს, რომ მის ქალიშვილს არასდროს გაუკეთებია ოპერაცია.

როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას

1979 წლიდან, როცა ირანში ისლამური რესპუბლიკა დამყარდა, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.

არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.

ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.

გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.

ფოტო: BBC/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი