ახალი ამბები

დაფარული პუნქტი კრემლს 1 მილიონი მებრძოლის მობილიზაციის საშუალებას აძლევს – Новая газета Европа

22 სექტემბერი, 2022 • 844
დაფარული პუნქტი კრემლს 1 მილიონი მებრძოლის მობილიზაციის საშუალებას აძლევს – Новая газета Европа

„ნოვაია გაზეტა ევროპა“, რომელიც „ნოვაია გაზეტას“ ყოფილმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს და რიგაშია განთავსებული, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაც, პუტინის მიერ გამოცემული ბრძანებულების მე-7 პუნქტი, რომლის შინაარსიც უცნობი რჩებოდა, საშუალებას აძლევს თავდაცვის სამინისტროს, 1 მილიონამდე ადამიანის მობილიზაცია მოახდინოს.

გამოცემის წყაროს თანახმად, თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ითხოვდა დოკუმენტის სრული ტექსტის საზოგადოებისთვის საიდუმლოდ დატოვებას, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ მხოლოდ მე-7 პუნქტი იქნებოდა დაფარული და მას მხოლოდ „ოფიციალური უწყებები გაეცნობოდნენ“.

„[მეშვიდე პუნქტში ჩაწერილი] რიცხვი მრავალჯერ შეიცვალა. დღის ბოლოს კი 1 მილიონზე შეთანხმდნენ“, – განუცხადა წყარომ გამოცემას.

გამოცემა დაუკავშირდა სხვადასხვა უწყებაში საკუთარ წყაროებს, რათა გადაემოწმებინათ მე-7 პუნქტის ტექსტი, რომლის ნახვაც მხოლოდ ოფიციალურ უწყებებს შეეძლოთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოკუმენტის სრული ტექსტი კვლავ მიუწვდომელია და მისი ნახვა შეუძლებელია დოკუმენტების გაცვლის სამთავრობო სისტემაშიც.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, „მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვის“ არის დოკუმენტების გასაიდუმლოების პირველი კატეგორია, რის შემდეგაც მოდის „საიდუმლო“ და „ზესაიდუმლო“ კატეგორიები.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა “ტყუილი” უწოდა „ნოვაია გაზეტა ევროპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.


რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. მობილიზაცია ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სწავლება და ირიცხებოდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.

კრემლს მობილიზაციის გამოცხადება მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები იწვნია, მათ შორის, დაკარგა კონტროლი ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიის დიდ ნაწილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი