ახალი ამბები

სისხლის ანალიზით შესაძლებელი ხდება სიმსივნეების სიმპტომებამდე აღმოჩენა — კვლევა

13 სექტემბერი, 2022 •
სისხლის ანალიზით შესაძლებელი ხდება სიმსივნეების სიმპტომებამდე აღმოჩენა — კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნის აღმოჩენა სისხლის უბრალო ანალიზითაც შესაძლებელია აშკარა სიმპტომების გამოვლენამდე. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

The Pathfinder-ის კვლევის ფარგლებში 50 წლის და მეტი ასაკის 6 621 ადამიანს ჩაუტარდა სისხლის ანალიზი, საიდანაც ტესტმა კიბოზე დადებითი შედეგი ათობით ადამიანის შემთხვევაში აჩვენა. მათ შორის ბევრი შემთხვევა ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩინეს. ამასთან, დაახლოებით სამი-მეოთხედი იყო ისეთი ფორმა, რომელიც რუტინულ სკრინინგებზე არ ჩანდა.

ეს არის კვლევის ფარგლებში „გალერის ტესტის“ გამოცდის პირველი ნაწილი. „გალერის ტესტი“ კიბოს დნმ-ს ეძებს სისხლში. კვლევის საბოლოო შედეგები, რომელშიც, ჯამში, 165 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მომავალ წელს გახდება ცნობილი.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ტესტი ორგანიზმში კიბოს არსებობას იმ ეტაპზე მიაკვლევს, როდესაც ოპერაცია და შესაბამისი მკურნალობა ეფექტიანი აღმოჩნდება. თუმცა აღნიშნული ტექნოლოგია კვლავ განვითარების ეტაპზეა.

“ამ კონცეფციაში ამაღელვებელია, რომ ბევრი [აღმოჩენილი] კიბო იყო ისეთი, რომლისთვისაც არ არსებობს სტანდარტული სკრინინგის პროცედურები”, — განაცხადა უფროსმა მკვლევარმა დებ შრაგმა.

The Guardian-ის ცნობით, გამოკვლეული 6 621 ადამიანიდან 6 529-ის შემთხვევაში შედეგები უარყოფითი იყო, 92 ადამიანის ტესტმა კი კიბოს პოტენციური არსებობა დაადგინა. ამ ადამიანებს ჩაუტარდათ დამატებითი კვლევები, სადაც სიმსივნე ან სისხლის კიბო 35 ადამიანს დაუდასტურდა, რაც საკვლევი ჯგუფის 1.4%-ს შეადგენს.

ამასთან, ტესტი პროგნოზირებს ორგანიზმში კიბოს მდებარეობას, რაც ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, კიბოს აღმოსაჩენად და დასადასტურებლად შემდგომი სამუშაოები დააჩქარონ.

გალერის ტესტმა 19 მყარი სიმსივნის აღმოჩენა შეძლო, მათ შორის, სარძევე ჯირკვალში, ღვიძლში, ფილტვებსა და მსხვილ ნაწლავში. ასევე გამოვლინდა საკვერცხისა და პანკრეასის კიბო, რაც, როგორც წესი, გვიან ეტაპზე ვლინდება და ადამიანს გადარჩენის დაბალ შანსს უტოვებს. დანარჩენი კი სისხლის სიმსივნე აღმოჩნდა.

ასევე, შემდგომმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო არასწორად დადებითი პასუხი.

უფროსი მკვლევარი დებ შრაგი განმარტავს, რომ ტესტი ჯერ არ არის მზად ფართო მოსახლეობაში გასატანად და ტექნოლოგიის გაუმჯობესებამდე ადამიანებმა უნდა განაგრძონ კიბოს სტანდარტული სკრინინგი.

“მსგავსი კვლევა გადამწყვეტია კიბოს გვიან სტადიასთან ბრძოლაში პროგრესის მისაღწევად, ის უფრო მეტი პაციენტისთვის გაზრდის კარგი შედეგების შანსებს”, — განაცხადა დებ შრაგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი