ახალი ამბები

უკრაინა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარი 50 კმ-ით უკუაგდეს

9 სექტემბერი, 2022 • 687
უკრაინა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარი 50 კმ-ით უკუაგდეს

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, ბოლო დღეებში უკრაინული კონტრშეტევის წარმატება არყევს რუსულ საინფორმაციო მანქანასა და ნდობას სამხედრო სარდლობის მიმართ.

უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში 50-კილომეტრით წაიწიეს წინ და მიუახლოვდნენ იზიუმის რაიონს, რომელიც რუსეთმა დონბასის კამპანიის დაწყებისას დაიკავა. ასევე დაიკავეს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ბალაკლიაც, რომელიც შედარებით დიდი საქალაქო დასახლებაა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც დატყვევებული რუსი ჯარისკაცები, მათ შორის, ოფიცრებია ასახული.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადეკვატურად ვერ პასუხობს საინფორმაციო ომსაც, რადგან მისი საინფორმაციო სტრატეგია კვლავ დამყარებულია ნარატივზე, რომ უკრაინაში რუსეთი მარტივად იმარჯვებს.

„სამინისტროს სჭირდება დიდი დრო, რათა ახალი ყალბი ნარატივი შეიმუშავოს“, – წერია ინსტიტუტის ანგარიშში.

უკრაინული ძალები კონტრშეტევას ხერსონის ოლქშიც ახორციელებენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა რამდენიმე მიმართულებიდან და მალევე დაიკავა არაერთი დასახლებული პუნქტი, თუმცა თავდაპირველი წარმატების შემდეგ მალევე მოუწია უკან დახევა კიევის ოლქიდან, რადგან ვერ შეძლო დედაქალაქის აღება. უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის ჯარი წინ, ფაქტობრივად, ვერ მიიწევს და პირიქით, უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად პერიოდულად კარგავს დაკავებულ ტერიტორიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი