ახალი ამბები

რუსები ხარკოვში უკრაინული წინსვლის შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ – ISW

7 სექტემბერი, 2022 • 2655
რუსები ხარკოვში უკრაინული წინსვლის შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ – ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად (ISW), უკრაინა ხარკოვის ოლქში, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კონტრშეტევაზე გადავიდა და დასახლებული პუნტქის განთავისუფლება შეძლო.

ინსტიტუტის თანახმად, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელებმა რუსულ ძალებს ქალაქ ბალაკლიასთან აიძულეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა, ანუ ჩრიდოეთ სანაპიროზე გადასულიყვნენ.

„შედეგად, მოსალოდნელია, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი ვერბივკა, რომელიც 3 კილომეტრზე ნაკლებითაა დაშორებული ბალაკლიასგან“, – წერია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ უახლეს ანგარიშში.

ინსტიტუტის თანახმად, რუსები ანადგურებენ ხიდებს ბალაკლიას აღმოსავლეთით, რათა შეაჩერონ უკრაინელების წინსვლა.

ომის ინსტიტუტის თანახმად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ასევე ცხადყოფს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ბალაკლიისგან 6 კილომეტრით დაშორებული საგუშაგოებიც.

ბოლო კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დაიწყეს თავდასხმები რუსულ მომარაგების ხაზებსა და შეიარაღების საწყობებზე, ომის მკვლევრების შეფასებით, უკრაინა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ემზადება.

უკრაინამ უკვე დაიბრუნა რამდენიმე დასახლება ხერსონის ოლქშიც, თუმცა ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შეტევის ტემპი ჯერ კიდევ ნელია.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინას მიაწვდის იმას, რაც ამჟამადაა საჭირო, მაშინ კიევი წლის ბოლომდე შეძლებს ომის მოგებას.

უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება – ბენ ჰოჯესი

მასალების გადაბეჭდვის წესი