„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას 3 ტელეკომპანიის შესახებ და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ხასიათისაა.
საუბარია „ქართული ოცნების“ საჩივარზე ვიდეორგოლთან დაკავშირეით, რომლითაც მოძრაობა „სირცხვილია“ მაყურებელს 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა. კომისიამ გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, „მთავარი არხი“ დააჯარიმა, ხოლო დანარჩენი ორი – გააფრთხილა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის, “ფორმულას”, “მთავარი არხის” და “ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანიის “შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციურ პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს. გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად, არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები.
კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა “სირცხვილიას” რეკლამის ეთერში გაშვების გამო “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, “ტვ პირველი” და “ფორმულა” კი გააფრთხილა. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომისია ამბობს, რომ ტელეარხებმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსეს.
სამივე ტელეარხს “ქართულმა ოცნებამ” უჩივლა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ 23 და 24 ივნისს ეთერში გავიდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომლითაც მოძრაობა “სირცხვილია” მაყურებელს 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა.