ახალი ამბები

გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა – კოალიცია

23 იანვარი, 2024 • 746
გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, ​კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას.

კოალიციის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

„2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები.

კოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი