ახალი ამბები

გაბუნია: ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გავასაჩივრებთ

23 აგვისტო, 2022 • 1177
გაბუნია: ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გავასაჩივრებთ

„მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ტელეკომპანია არ აპირებს, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს:

„პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს. ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ჩვენ ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაგვიმძიმოს.

მით უმეტეს, პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, საერთოდ ლიცენზიაც ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება. უფრო მეტიც, ველოდები, ჩვენთან რომ ოლიგარქის კლიპი გადის, იქ რომ სტაფილოა, იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ, შემდგომ რა მოხდება“, – აცხადებს გიორგი გაბუნია „მთავარ არხთან“.

კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა “სირცხვილიას” რეკლამის ეთერში გაშვების გამო “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, “ტვ პირველი” და “ფორმულა” კი გააფრთხილა. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომისია ამბობს, რომ ტელეარხებმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსეს.

სამივე ტელეარხს “ქართულმა ოცნებამ” უჩივლა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ 23 და 24 ივნისს ეთერში გავიდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომლითაც მოძრაობა “სირცხვილია” მაყურებელს 24 ივნისს პროდასავლურ აქციაზე ეპატიჟებოდა.

ვრცლად წაიკითხეთ: კომისიამ “მთავარი არხი” 118 000 ლარით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი