ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთის მოქალაქეებითვის ვიზების გაცემა 90%-ით შემცირდება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ სექტემბრიდან ფინეთი რუსი ტურისტების სავიზო განაცხადების მხოლოდ 10%-ს მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ყოველდღიურად დაახლოებით 100 სავიზო განაცხადს მიიღებს, მაშინ, როცა ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე დღეში დაახლოებით 1000-ს ვიზას გასცემს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გამონაკლისი შეიძლება იყოს ზოგიერთი ჯგუფისთვის, როგორიცაა ჟურნალისტები, დისიდენტები ან აქტივისტები. პეკა ჰავისტოს თქმით, მისი სამინისტრო აქ სქემის შესახებ კონსულტაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაივლის.
პეკა ჰავისტომ ასევე თქვა, რომ ფინეთი ევროკავშირს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან ერთად შესთავაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილება მიიღონ. მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.
უკრაინის მთავრობა ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ამავე აზრს იზიარებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა გამკაცრდეს, რადგან ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
ჩეხეთმა, ლიტვამ, ესტონეთმა, ლატვიამ და პოლონეთმა შეწყვიტეს გარკვეული ვიზების გაცემა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, გერმანიამ კი ამაზე უარი თქვა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აკრძალვა ძირს უთხრის მიზანმიმართულ სანქციებს და დასძინა, რომ „ეს არა რუსი ხალხის ომი, არამედ პუტინის ომია“.