ახალი ამბები

ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

24 მაისი, 2021 • 2648
ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ამის მიზეზი მათსა და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის დაპირისპირება გახდა.

კერძოდ, სალომე ბარკერს მკლავზე LGBT სამკლაური ეკეთა, რაც გურამ ფალავნდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა “LGBT პროპაგანდად” შეაფასა” და აქტივისტს ტერიტორიის დატოვება აიძულა.

“რიონის ხეობის მცველებს ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადა 12:00 საათამდე ჰქოდნათ მიცემული. ვინაიდან ვნახე, რომ სათანადოდ არ გამოეხმაურნენ, 12:00 საათზე მოვედი მხარდასაჭერად. ვიფიქრე, ესკალაცია მოხდებოდა და მაგ დროს ბევრი ადამიანი დასჭირდებოდათ გვერდით.

მოვედი ისე, როგორც ვარსებობ ბოლო ორი წელია. ვიდექი ჩემთვის წყნარად, მეგობართან ერთად, რა დროსაც ჩემთან მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი და მითხრა, ეს მოიხსენიო. ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი და ვკითხე, ორგანიზატორი იყო ამ აქციის თუ რატომ მაიძულებდა სამკლაურის მოხსნას. სხვებმაც დამიწყეს კრიტიკა ჩაცმულობაზე, სამკლაურის მოხსნასაც ცდილობდნენ. იმის გამო, რომ ბევრი იყვნენ, გადავწყვიტე, გავრიდებოდი” ,— ამბობს სალომე ბარკერი.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, მათ არ სურდათ დაპირისპირების გაღრმავება, ამიტომაც გაერიდნენ ტერიტორიას:

“ახლა აქ ხალხის გაერთიანებაა საჭირო და ამის დეესკალაციის მიზნით გავდივართ ჩვენით. უნდა გვესაუბრა მშვიდად, არ მინდა ნავთი მივასხა. სამკალურის გამო, რომელიც ორი წელია არ მოუხსნია, სალომეს უთხრეს, რომ ეს იყო პროვოკაცია აქ არეულობის მოსაწყობად”, — ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

მოგვიანებით სალომე ბარკერთან და ზუკა ბერძენიშვილთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი რაზმაძე მივიდა, რომელმაც აქტივისტებს აქციაზე დაბრუნება შესთავაზა. მან ბარკერს უთხრა, რომ შეურაცხყოფა პროვოკატორებმა მიაყენეს, თავად კი ლეჩხუმელია და პროტესტის მათთან ერთად გაგრძელება შესთავაზა:

“ნებისმიერ დაპირისპირებას ვგმობთ მთელი “რიონის ხეობის მცველები”. გუშინ ვიხილეთ უპრეცედენტო ფაქტი, სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანები, ეს იქნება რადიკალური თუ ლიბერალური ფრთები, ვიხილეთ აქციაზე ერთად. არ ყოფილა არანაირი შეხლა-შემოხლა. ერთი მიზნის მიმართ გავერთიანდით. დღეს რაც მოხდა, არის საშინელება.

თუკი ვინმემ ეს ადამიანები დაჩაგრა, საშინელებაა და ამიტომაც მოვედი, რომ სოლიდარობა გამომეხატა. არავის არ ვამტყუნებ, არავის ვამართლებ. ჩვენ არვის ვჩაგრავთ, სადაც დავინახავ მსგავს დაპირისპირებას, ყველგან მივალ და სოლიდარობას გამოვხატავ”, — განაცხადა ინციდენტის შემდეგ გიორგი რაზმაძემ “ნეტგაზეთთან”.

საბოლოოდ, დაპირისპირების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, აქტივისტებმა ტერიტორიიდან გარიდება ამჯობინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი