პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ცესკოს ცნობით, ვახტანგ წურწუმიას, რომელიც სენაკის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.
თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კი წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებას, მმართველი პარტიის მხრიდან დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებდა.
თუმცა სენაკის საკრებულოში პრობლემური ვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში იყო, რადგან საკრებულო „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბებოდა.
რა ხდებოდა სენაკის საკრებულოში
სენაკის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰქონდა. 33 წევრისგან შემდგარ სენაკის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ – 16 წევრი, „ნაციონალური მოძრაობას“ – 13 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 4 წევრი ჰყავდა. შესაბამისად, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა დამოუკიდებლად არცერთ პარტიას არ აქვს.
პრობლემური ვითარება კი საკრებულოში 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე შეიქმნა, როცა პარტიის „საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა და შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავდა, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრება იყო საჭირო.
სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, საკრებულოს სხდომა ჩაეტარებინა და თავმჯდომარეც აერჩია.
ამიტომ 3 ივნისამდე, საკრებულოს არშეკრების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა არა საკრებულოს წევრებს, არამედ ცესკოს შეეძლებოდა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებაც საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ამ მოცემულობით ოპოზიციას 17 წევრი ეყოლებოდა, ხოლო “ოცნებას” – 16.
თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვებამ ვითარება ისევ შეცვალა, რადგან თანაფარდობა კვლავ 16-16-ზე გახდა და ერთი მანდატისთვის ხელახალი არჩევნების გამართვა გახდა საჭირო მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში “ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას მოიპოვებს.
„მხოლოდ 1 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების დანიშვნა უკანონოა“ – ოპოზიცია
პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა მაისშივე ამბობდა, რომ თუ ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება 15 ივნისამდე შეუწყდებოდა, მის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ოქტომბერში ჩატარება აზრს კარგავდა და სენაკში მთლიანად საკრებულოს ახალი არჩევნები იყო მოსალოდნელი. მისი თქმით, თუკი ოქტომბრამდე საკრებულო ვერ შეიკრიბებოდა, ახალი რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის აპრილში უნდა ჩატარებულიყო.
ახლა კი, როცა ცესკომ არჩევნების მხოლოდ ერთ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, ბერდია სიჭინავას თქმით, ეს უკანონოა. რადგან მისი თქმით, საკრებულო არ შეკრებილა და ცნობად არ მიუღია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განაცხადი, როდესაც ამას „თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ავალდებულებს.
ამიტომ სიჭინავა მიიჩნევს, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ის „ოცნების“ პარტიული დანამატია.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, ცესკოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან:
- საკრებულო არ შეკრებილა და ცნობად არ მიუღია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განაცხადი და საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით არ გაფორმებულა აღნიშნული საკითხი, მაშინ, როდესაც ამას პირდაპირ ავალდებულებს „თვითმმართველობის კოდექსი“ (მუხლი 43, პუნქტი 3).
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაშინ, როდესაც ეს საკითხი „ოცნების“ მხრიდან სადავოდაა მიჩნეული და საქმე სასამართლოში განიხილება, შესაბამისი განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ფიზიკურად არ არსებობს („თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 43, პუნქტი 4).
- საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. (თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 142). საკრებულოს ბოლო შეკრებიდან, „ოცნების“ ვერსიით და სადავო სხდომის თარიღიდანაც უკვე 6 თვეზე მეტია გასული, ასეთ შემთხვევაში 2023 წლის აპრილში უნდა ჩანიშნულიყო საკრებულოს ახალი არჩევნები მთელს მუნიციპალიტეტში, რაც “ოცნების” ინტერესებში არ შედის და ურჩევნია ერთ სამაჟორიტარო ოლქში, საკუთარი მომხრეების ამომრჩევლებად გადაწერით, შანტაჟით, მოსყიდვით, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ძალადობით მოიპოვოს მანდატი და შეცვალოს პოლიტიკური მოცემულობა და მოქალაქეთა არჩევანი.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia„ოცნების“ კანტორად გადაიქეცით ბოლომდე, ჭრით და კერავთ კანონებს, თქვენეულ განმარტებებს აძლევთ იმპერატიულ ნორმებს, არც ის დაგვიწყნია როგორ შეუწყვეთ ხელი ძველ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ახალი ბიუჯეტები. კრიმინალური მმართველობის ნაწილად იქეცით და აუცილებლად, სამაგალითოდ მკაცრად, მაგრამ სამართლიანად აგებთ პასუხს ამ კრიმინალურ პროცესში ჩართული ადამიანები, სხვა დროს რომ ვერავინ გაბედოს მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა!“ – წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.