ახალი ამბები

სენაკის საკრებულოს ენმ-ის წევრი ტოვებს, პარტიაში ზეწოლაზე საუბრობენ

30 მაისი, 2022 • 1251
სენაკის საკრებულოს ენმ-ის წევრი ტოვებს, პარტიაში ზეწოლაზე საუბრობენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი სენაკის საკრებულოში მანდატს ტოვებს, რამაც შესაძლოა ქალაქში საკრებულოს დაშლა და ხელახალი არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს.

როგორც „ნეტგაზეთს“ პარტიის წარმომადგენელმა ლაშა კუჭავამ განუცხადა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულოში განცხადება მანდატის დატოვების შესახებ ელექტრონულად შეიტანა, თავად მაჟორიტარს კი თანაპარტიელები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.

ლაშა კუჭავას თქმით, წურწუმიას წუხელ თავადაც ესაუბრა, დღეს დილას შეხვედრას კვლავ გეგმავდნენ, თუმცა, მისი თქმით, დღის განმავლობაში ვახტანგ წურწუმიასთან დაკავშირებას ვერც თანაპარტიელები და ვერც ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ:

„ამ დილის შემდეგ ვეძებთ ჩვენც, ოჯახიც, ნათესავებიც, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მასზე იყო ზეწოლა. გუშინ თავადაც მითხრა, მთელი დღის განმავლობაში ჩემთან იყო. საღამოს დავშორდი, დილას უნდა მოსულიყო და რომ არ მოვიდა, დავუწყეთ ძებნა“, – ამბობს ლაშა კუჭავა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ სენაკის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატებზე ზეწოლა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

„მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა რომ იყო, ვიცოდით. ეს ახალი ამბავი არ არის. ამას ჩვენ ველოდით იმიტომ, რომ ერთი იყო, საკანონმდებლო ცვლილებები რაც მიიღეს, მაგრამ ნებისმიერი კანონი ფეხებზე ჰკიდიათ. მოსალოდნელი იყო, რომ ადგილზე დაიწყებდნენ მოქმედებას. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ სენაკზე ხომ არ იყო, ზოგადად, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას ეხებოდა. ეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებებით სამართლებრივად მოგვარდა, მაგრამ რადგან სამართლებრივი ბერკეტი აღარ აქვთ, ამ მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა“, – აცხადებს ანა წითლიძე „ნეტგაზეთთან“.

თვეების განმავლობაში სენაკის საკრებულოში პრობლემური ვითარება იყო, რადგან საკრებულო „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბებოდა. 2021 წლის 3 დეკემბერს, პირველივე სხდომაზე პარტიის „საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა და შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავს, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრებაა საჭირო. სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, საკრებულოს სხდომა ჩაეტარებინა და თავმჯდომარეც აერჩია.

ამიტომ 3 ივნისამდე, საკრებულოს არშეკრების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა არა საკრებულოს წევრებს, არამედ ცესკოს შეეძლებოდა და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარებაც საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან ამ მოცემულობით ოპოზიციას 17 წევრი ეყოლებოდა, ხოლო “ოცნებას” – 16.

თუმცა ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვება ვითარებას ისევ ცვლის, რადგან თანაფარდობა კვლავ 16-16-ზე ხდება და ერთი მანდატისთვის ხელახალი არჩევნები უნდა გაიმართოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში “ოცნება” ერთპიროვნულ მმართველობას მოიპოვებს.

თუმცა პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა განმარტავს, რომ თუ წურწუმიას უფლებამოსილება 15 ივნისამდე შეუწყდება, მის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ოქტომბერში ჩატარება აზრს კარგავს და სენაკში მთლიანად საკრებულოს ახალი არჩევნებია მოსალოდნელი. მისი თქმით, თუკი ოქტომბრამდე საკრებულო ვერ შეიკრიბება, ახალი რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს:

„კანონმდებლობის მიხედვით, თუ ადამიანის უფლებამოსილება შეწყდება 15 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მორიგი შუალედური არჩევნები კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება. თუმცა არის მეორე დათქმაც, რომლის მიხედვითაც, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ შეიკრიბება, ასეთ შემთხვევაში ახალი რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს 2023-ის აპრილში.

რაც გააკეთეს, ნიშნავს, რომ ცდილობენ მხოლოდ შუალედური არჩევნების გზით ერთი მანდატი მოიპოვონ ოქტომბერში, რაც ბათუმში გააკეთეს, მაგრამ სენაკის შემთხვევაში ეს იმიტომ ვერ განხორციელდება, რომ თუ ადამიანის უფლებამოსილება 15 ივნისამდე შეწყდა, ეს ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში საკრებულოს შემადგენლობა ვერ შეივსება და ორგანო ფუნქციური ვერ გახდება. შესაბამისად, ხელახალი არჩევნები 2023 წლის აპრილში ჩატარდება და არა 2022 წლის ოქტომბერში“, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი