ავტორი: მარიამ უგრეხელიძე / „ამერიკის ხმა“
“ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს, დეჰუმანიზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას”,- ასეთ კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, დმიტრი მედვედევის განცხადებაზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს.
ადამ კინზინგერი თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს: “მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა ზედმეტად არ უნდა გეშინოდეთ, ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ. ქაღალდის ვეფხვია.
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ.”
მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მედვედევის თანაშემწე ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხეს. ამის შესახებ მან ხელისუფლების კონტროლირებად რუსულ გამოცემებთან განაცხადა.