ახალი ამბები

სკოლის დირექტორების დოსიეები “ოცნებისა” და სუს-ის ფოკუსში – ISFED-სა და TIG-ის ანგარიში

21 ივლისი, 2022 • 1197
სკოლის დირექტორების დოსიეები “ოცნებისა” და სუს-ის ფოკუსში – ISFED-სა და TIG-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნება“ საჯარო სკოლების დირექტორების შესახებ, სავარაუდოდ, დოსიეებს აკეთებდა, სადაც, მათ შორის, შედიოდა დირექტორების პოლიტიკური იდენტობის საკითხიც.

ორგანიზაციების განცხადებით, ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, დამოუკიდებელი გადამოწმების შემდეგ მოამზადეს.

ანგარიშის მიხედვით, დირექტორების შეფასებას განათლების ადგილობრივი რესურსცენტრი, პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი აკეთებდნენ, მიზანი კი მათზე ზედამხედველობა იყო.

დირექტორები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებოდნენ.

სუს-ის შეფასება უმეტესად უკავშირდებოდა დირექტორების პოლიტიკური შეხედულებებისა და მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობის ხარისხს. სკოლის დირექტორებთან ხელშეკრულება გაგრძელება/შეწყვეტის რეკომენდაციაში გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

„სქრინშოთი“ ანგარიშიდან, სადაც ჩანს პარტიისა და სუსის მოსაზრება კონკრეტული დირექტორის შესახებ.

„აღნიშნულმა დოკუმენტმა საშუალება მოგვცა, მასში მოცემული დახასიათებები შეგვედარებინა 2020 წლის სექტემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გათავისუფლებული 112 დირექტორის სიისთვის.

ამ 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მათგან მხოლოდ 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას – 80 დირექტორი, ხოლო სუს-ს – 89. ამ მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ სუს-ის და
მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სუსი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ
შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;
  • არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ
    დირექტივებს;
  • დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;
  • „ფარულად თანაუგრძნობდა“ ოპოზიციურ პარტიას;
  • „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო” პირი იყო;
  • მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;
  • მას არ გააჩნდა „საარჩევნო რესურსი“ და სხვა.

„მოცემული შეფასებებიდან იკვეთება, რომ სუსი იკვლევდა საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრების პარტიულ საქმიანობას, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობის შემთხვევებს და სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე აფასებდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობას. ძირითადად, საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავების ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობა, მათ მიმართ პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატული დამოკიდებულება იყო უარყოფითი შეფასების საფუძველი. ანალოგიური მიდგომა იყო დირექტორის ნეიტრალური პოზიციის და მისი მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე გამოხატული უარის შემთხვევაში“, – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევენ, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გადმოცემული დოკუმენტაცია დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია. თავად ია კერზაია აღნიშნულ ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ რამდენიმე ფორმატში განაცხადა. სატელევიზიო კომენტარში ია კერზაია აცხადებდა, რომ პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა. სამინისტროს მიერ ჩატარებულ არაგეგმურ ინსპექტირებას კერზაია განიხილავდა ამ მოვლენების გამო მისი დასჯის ღონისძიებად.

2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 9 დეკემბერს იგი გარდაიცვალა. ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას და საპყრობილიდან დროზე ადრე გათავისუფლება,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი