ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ეკალაძემ და ისტორიის მასწავლებელმა და დირექტორობის სერტიფიცირებულმა კანდიდატმა, დავით ფერაძემ, დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
მაია ეკალაძის ინფორმაციით, დღეს სამინისტროში უთხრეს, რომ გაგზავნიან ისეთ სკოლებში, სადაც სკოლის მოქმედ დირექტორებთან კონკურენცია მოუწევთ, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
“27 მარტიდან ვითხოვთ დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას იმის გამო, რომ მეორედ ჩატარებული კონკურსი სპექტაკლს არ დამსგავსებოდა. 27 მარტიდან ვერ მოახერხა დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელმა პირმა ჩვენთან შეხვედრა და სპექტაკლი მოგვიწყვეს. დღეს გამოგვიცხადეს, რომ გვგზავნიდნენ იმ სკოლებში, სადაც, რეალურად, კონკურენციაში იყო სკოლის მოქმედი დირექტორი. სკოლისთვის უცხო ადამიანებს არანაირი შანსი არ გვაქვს, რომ იქ თუნდაც 1%-ით აგვირჩიონ. პრობლემაა ისიც, რომ ვადა არ მოგვცეს. ჩვენ უნდა წარვადგინოთ რაღაც ტიპის დოკუმენტები – ნასამართლობის ცნობა, ნარკოლოგიური და ა.შ. და გარდა იმისა, რომ ამას თავისი ბაჟი აქვს და უნდა გადავიხადოთ, დროც არ მოგვცეს. სწრაფად აღებისთვის კიდევ დამატებითი ხარჯი უნდა გავიღოთ ჩვენ და რისთვის? საერთოდ არაფრისთვის აკეთებენ ამას, რაც ჩვენი უფლებების დარღვევაა.
არჩევანის დროს სკოლებზე არ გვქონდა ინფორმაცია. ჯერ ტესტირება არ გვქონდა გავლილი, შეუძლებელი იყო, იმ სკოლებზე ინფორმაცია გვქონოდა. ყველაზე ნაკლები ინფორმაცია რომელზეც გვქონდა, ყველაზე ნაკლები, რომელზეც ვილაპარაკეთ მეც და დავითმაც, იმ სკოლებში გაგვიშვეს, რატომღაც. სხვა სკოლებზე, რომლიდანაც პარკეტი სად არის ამოგდებული, ისიც ვიცით და შეესაბამება თუ არა მათი დაწერილი მიზნები ჩატარებულ ღონისძიებებს, ზოგადად, ყველაფერი რომ ვიცით, იმ სკოლებზე გვითხრეს უარი. ამის გამო, სანამ შიმშილობას გადავწყვეტდით საბოლოოდ, დღეს 4 საათიდან 6-ის ნახევრამდე ვითხოვდით, რომ ეპასუხათ ამ კითხვებზე, რა პრინციპით შეგვარჩიეს იმ სკოლებში და რატომ არ შეგვარჩიეს იმ სკოლებში, რომლებზეც ვისაუბრეთ”, – ამბობს მაია ეკალაძე.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო პროცესი, უფრო დაიბურა.
“იმიტომ, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენმა კონკურსანტმა მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა, რამდენმა გადალახა ბარიერი. დღეს გავიგეთ, თითოეულ სკოლაში რამდენი კონკურსანტია, რამდენი კონკურენტი ჰყავს თითოეულ მონაწილეს, მაგრამ სხვა ინფორმაცია მათ შესახებ არ გვაქვს. თებერვლიდან ამას ვითხოვთ, რომ რაც გვქონდა, ის მაინც მოგვცენ. ისიც კი დაფარეს”, – ამბობს ეკალაძე.
ეკალაძე და ფერაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც უკვე თვეებია, სკოლის დირექტორთა შერჩევის პროცესს აპროტესტებენ. მათ შიმშილობაც არაერთხელ გამოაცხადეს. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.