ახალი ამბები

როგორ ათავისუფლებდნენ პრობაციონერებს ხმების სანაცვლოდ — ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

21 ივლისი, 2022 •
როგორ ათავისუფლებდნენ პრობაციონერებს ხმების სანაცვლოდ — ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა.

ანგარიში 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავს.

სხვა დოკუმენტებთან ერთად, ანგარიშში მოცემულია სქემა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიისთვის არჩევნებში ხმების მობილეზებაში დახმარების სანაცვლოდ სახელმწიფო უწყებები ცდილობდნენ კონკრეტული პირების პრობაციიდან გათავისუფლებას.

ანგარიშის თანახმად, დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

“ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა”, – განმარტებულია კვლევაში

როგორ მუშაობდა სქემა

კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვარის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.

აღნიშნილი მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.

გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

ინფორმაციის შემგროვებელ მეილზე securgd@gmail.com მიღებული და გაგზავნილი იქნა 189 წერილი, რომელიც შეიცავდა ასეულობით მიბმულ ფაილს.

სავარაუდოდ, ხოჯევანიშვილსა და პატარიძეს კი გაეგზავნათ 38 მეილი, მათ შორის 20 პატარიძეს, 18 კი- ხოჯევანიშვილს. კვლევის თანახმად, გაგზავნილი წერილების თემატიკა, როგორც წესი, მათი საქმიანობის სფეროს ემთხვეოდა.

გაგზავნილი წერილების შინაარსი

კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით გიორგი ხოჯევანიშვილთან გაიგზავნა  1700-მე მსჯავრდებულის [პრობაციონერის] შესახებ არსებული ინფორმაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული მეილები შეისწავლეს და გაგზნავნილი მონაცემების ანალიზიდან დაადგინეს, რომ პრობაციონერები ან მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სასრგებლოდ მუშაობდნენ, სანაცვლოდ კი “ოცნება” მათ მონაცემებს იუსიტიციის მინისტრის მოადგილეს აწვდიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლეობა მოეხსნათ.

აღნიშნულ სიებში, როგორც წესი, მითითებული იყო კონკრეტული პირის პერსონალური ინფორმაცია, ჩადენილი დანაშაული, შეფარდებული სასჯელი, პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობა და მისი გაუქმების მოთხოვნა.

კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში მოცემულ სიებში მითითებული იყო ისიც, თუ რა ფორმით ეხმარებოდა პირი პარტიას.

პირველი

“მიუხედავად იმისა, რომ პატარიძისგან საპასუხო წერილი ჩვენს ხელთ არსებულ კორესპონდენციაში არ იძებნება, გაგზავნილი წერილის შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ კორესპონდენცია ცალმხრივი არ იყო და ეს სქემა გამართულად მუშაობდა”, – განმარტებულია კვლევაში.

აღნიშნული ფოტოებიდან იკვეთება, რომ მიღებული სიების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრის მოადგილე აწვდიდა ინფორმაციას, თუ როგორ გადაწყდა სიაში მყოფი პრობაციონერების მოთხოვნები.

ამ გარემოებას არაპირდაპირ ადასტურებს შემდეგი ფოტო:

“ზემოაღნიშნულ წერილზე მიმაგრებული იყო მონაცემთა ბაზების ფაილები, რომელშიც წარმოდგენილი იყო თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონიდან შედგენილი 1,600-ზე მეტი პირის სია. როგორც ჩანს, ეს იყო ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მიერ იუსტიციის მინისტრის მოადგილისთვის მიწოდებულ პრობაციონერთა საქმეებზე რეაგირების შესახებ – იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა”, – ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნული წერილების გარდა, კვლევაში მოცემულია, სავარაუდოდ, მცხეთის მერის და პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის და რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის სახელზე, რომლითაც კაპანაძემ 9 პრობაციონერისგან შემდგარი სია გააგზავნა და მათთვის „სათანადო დახმარების“ გაწევა მოითხოვა:

კვლევის თანახმად, “ტვ პირველის” ერთ-ერთი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ჩამოთვლილი პრობაციონერებიდან რამდენიმეს პირობითი მსჯავრი მართლაც გაუუქმდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მუდმივმოქმედმა კომისიამ წინა თვეებთან შედარებით მრავალჯერ მეტი რაოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

მაგალითისთვის, თუ 2018 წლის იანვარსა და თებევრალში პირობითი მსჯავრისგან 33 და 36 ადამიანი გაათავისუფლეს და ეს მაჩვენებელი ნოემბრამდე 48-ს არ აცდენილა, ნოემბერსა და დეკემბერში გათავისუფლდა 1 883 და 2 227 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი