არასამთავრობო ორგანიზაციები — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ — სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მობილიზებას, მათ შორის, პირობით ვადამდე გათავისუფლების დაპირებითაც ცდილობდა.
ორგანიზაციების თანახმად, გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში.
ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:
2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.
აღნიშნული მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.
გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.
კვლევის მიხედვით, გიორგი პატარიძისთვის გაგზავნილ წერილებში, ასევე, იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდებულზე, ვინც პენიტენციური დაწესებულებიდან (სასჯელის მოხდისაგან) პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდა.
„როგორც კორესპონდენციიდან და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ან/და თავად მსჯავრდებულები გათავისუფლების შემთხვევაში პირობას დებდნენ, რომ იმუშავებდნენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის, ხოლო პარტია მათ სიებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა“, – წერია კვლევაში.
ე.წ. „სქრინშოთი“ კვლევიდან, სადაც კვლევის ავტორების თანახმად, მოცემულია ცხრილი პატიმრის დაკავების მიზეზის, სასჯელის, მოხდილი ვადის, მოთხოვნისა და გადაწყვეტილების მიმღებთა კომენტარების ველები.
„გვეხმარება შვილი… გლდანის… დიდი რესურსით“, – წერია შენიშვნის ველში ერთ-ერთ შემთხვევაში.
„სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:
- პირობითი მსჯავრის გაუქმებას,
- შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
- სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
- წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.