“მინისტრმა შერჩევითად გამოიყენა დისკრეცია იქ, სადაც პარტიული და პოლიტიკური თვალსაზრისით არასასურველი დირექტორები დაინახა”, – ამბობს თამარ ამზაშვილი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი.
ის 26 აგვისტოდან აღარაა ამ პოზიციაზე – მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და 21-ე სკოლის დირექტორად შორენა ბუნტური დანიშნა.
თავად თამარ ამზაშვილი, რომელიც აქამდე 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლას, ფიქრობს, რომ დირექტორების შესარჩევი კონკურსიდან მიზანმიმართულად გამოთიშეს – განათლების სამინისტროში, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ის აღარ წარადგინეს თავისივე სკოლაში დირექტორობის კანდიდატად. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს მისი დირექტორად განხილვის შესაძლებლობა არ ჰქონია. თამარ ამზაშვილი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი იყო იქამდე, სანამ ახალი დირექტორი არა არჩევით, არამედ მინისტრის ბრძანების საფუძველზე არ დაინიშნა.
აქამდე მინისტრს, გიორგი ამილახვარს არაერთხელ უთქვამს, რომ დირექტორების დასანიშნად დისკრეციულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებდა. მათ შორის, ეს თქვა მაშინაც, როცა შარშან, 2023 წელს, კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ხელახალი კონკურსი დააანონსა. მაშინ ამილახვარმა თქვა, რომ დარჩენილი იყო დაახლოებით 1000 სკოლა, სადაც დირექტორები ვერ აირჩიეს, მას კი პრინციპულად არ სურდა დისკრეციული უფლების გამოყენება და ამ სკოლებში დირექტორების საკუთარი გადაწყვეტილებით დანიშვნა.
“კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლება მაქვს და შემიძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ადგილას დავნიშნო. ამას ჩვენ მიზანმიმართულად არ ვიყენებთ, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა, ჩვენი შეხედულება, ჩვენი გემოვნება თავს მოვახვიოთ სკოლებს. არამედ გვინდა, თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არის [უნდა იყვნენ] მათი დირექტორები. ბუნებრივია, ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, — განაცხადა ამილახვარმა 2023 წლის 12 დეკემბერს.
როგორც ჩანს, “უკიდურესი აუცილებლობა”, რაზეც მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს საუბრობდა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დადგა. ხელახალი კონკურსის შემდეგ კვლავ დარჩა სკოლები, სადაც ახალი დირექტორი ვერ აირჩიეს. დისკრეცია მინისტრმა ამ სკოლების მხოლოდ ნაწილში გამოიყენა, სხვაგან კი მუშაობას კვლავ მოვალეობის შემსრულებლები აგრძელებენ.
თამარ ამზაშვილი ამბობს, რომ დირექტორების კონკურსის სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როცა სამინისტროში გასაუბრების შემდეგ დირექტორობის კანდიდატადაც არ წარადგინეს და არ მისცეს საშუალება, სხვა კანდიდატებთან თანაბარ კონკურენციაში შესულიყო.
“მე ამ სკოლაში, ჯერ კიდევ 80-იან წლებში დავიწყე მასწავლებლობა, 10 წელი ვიყავი მასწავლებელი; ვმუშაობდი პარლამენტში და განათლების სამინისტროში განათლების რეფორმის მიმართულებით; თბილისის ყველაზე დიდ – 161-ე საჯარო სკოლაში ვიმუშავე დირექტორის მოადგილედ; ბოლო 10 წელია 21-ე სკოლის დირექტორი ვიყავი; ბოლო 6 წელია ვარ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის ექსპერტი, ანუ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესს – დოკუმენტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას და სწავლების ხარისხის შეფასებას მე ვაკეთებ. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე მაგისტრებთან ვკითხულობ ლექციას განათლების მენეჯმენტში. ამ ფონზე, რომ მეტყვით, რომ არ ვარ კადრი, რომელიც სკოლას შეეფერება, ძალიან სასაცილოა”, – ამბობს თამარ ამზაშვილი.
მისი თქმით, სასკოლო სივრცეში ყველაფერი კანონის და შინაგანაწესის შესაბამისად იმართება, მაგრამ საჯარო სივრცეში მასწავლებელი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ის არ და ვერ დაუშლიდა მასწავლებლებს საჯაროდ პოზიციონირებას მთელ რიგ, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე. მისი ჩანაცვლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს მიაჩნია.
“გადახედოთ ჩემს პოსტებს, ან საჯარო აქტივობებს – ვერავინ მეტყვის, რომ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვაკეთებ პოლიტიკურ მოწოდებებს და ა.შ. ეს გამორიცხულია. არც რომელიმე პარტიის წევრი ვარ და არც მტერი. უბრალოდ, კრიტიკული აზრი მაქვს რაღაცების მიმართ. ამიტომ, ვიღაცებისთვის მოქნილი ადამიანი არ აღმოვჩნდი.
ჩვენი სკოლის მასწავლებლები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ყველას აქვს თავისი ანალიზის უნარი, თავისი პოლიტიკური გემოვნება, რელიგიური მრწამსი და ა.შ. არ ვსაუბრობ მხოლოდ ახლანდელ შემადგენლობაზე. სკოლა 1982 წელს შეიქმნა და დამფუძნებელმა, გურამ რამიშვილმა რაც გვასწავლა, იმას მივყვებით – განსხვავებული აზრის მაღალი მიმღებლობა, მიმტევებლობა, დემოკრატიული პრინციპებისადმი დიდი პატივისცემა, თანამშრომლობის მაღალი კულტურა და ა.შ. ამით გამოირჩევა ჩვენი სკოლა და იმით, რომ ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ თამამად თქვან საკუთარ სიტყვა, გამოთქვან აზრი. ჩვენ, დირექტორებს, კანონმდებლობით არა გვაქვს უფლება, რომ მათ დამოკიდებულებებში უხეშად ჩავერიოთ. თუ კანონდებლიბას გადასცდებოდა მათი საქმე, ამის სპეციალური კომისია მოიკვლევდა. სხვა შემთხვევაში, მე არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გამიტარებია და მოხდა ის, რაც მოხდა”, – ამბობს თამარ ამზაშვილი.
ის გვიყვება, რომ 21- ე საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან. თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ ის უარს ამბობდა “სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე”. სწორედ ეს მიაჩნია მას მისი “არასასურველობის” კიდევ ერთ მიზეზად.
“არ არსებობს საკითხი, რომელიც სამინისტროში ყოფილიყო განხილული და ჩვენი სკოლა პირველი არ გამოხმაურებოდა. თუ რამე სიახლე ინერგებოდა, ჩვენი სკოლით იწყებოდა – აქ იტესტებოდა და შემდეგ ხდებოდა მისი გატანა სხვა სკოლებში. მზად ვიყავი, ყველა სიახლე მიმეღო და გამეტარებინა. სამინისტროს მაღალ რგოლებს მე არ ვიცნობ, არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ვინც რამე დავალებას მაძლევდა და გარკვეულ მონიტორინგს მიწევდა, იმათთან ძალიან ღია, ძალიან მოქნილი თანამშრომლობა გვქონდა.
სხვა სტრუქტურებთან საერთოდ არ განვიხილავდი თანამშრომლობას, ეს იქნებოდა თვითმმართველობა, ეს იქნებოდა პარტიული უჯრედები, ეს იქნებოდა ქალთა ორგანიზაცია თუ ა.შ. მე ვიცი, რომ რეგიონებში გამგეობას დიდი როლი აკისრია სკოლების განვითარებაში. ჩვენთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა ღონისძიებები ვაწყო, ეს იყოს ღონისძიება ღონისძიებისთვის, ვიღაცები დავპატიჟო, ვიღაცებს რაღაცები გავაპიარებინო. აი ასე, დამიწუნეს თანამშრომლობის ეს ხარისხი, რომ არ ვთანამშრომლობ იმ სტრუქტურებთან, რომლებმაც შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიონ სკოლაზე. ჯგუფებისთვის, რომლებსაც რაღაცა აქტიურობა სურთ, სკოლა კარგი პოლიგონია იმისთვის, რომ მათი აქტიურობა გამოჩნდეს და ჩვენს სკოლაში ეს პოლიგონი ვერ შეიქმნა. ჩვენი სკოლა იყო სასწავლო პროცესის პოლიგონი”, – ამბობს თამარ ამზაშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ დირექტორების კონკურსის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ განათლების სამინისტროში არ მიიღება.
“მარტო განათლების სამინისტრო არ არის. იქ იყო სამი სტრუქტურა – პარტიაც იყო, თვითმმართველობაც იყო, გარკვეულწილად უსაფრთხოებაც [სუს-ი] იყო, რომლებიც კანდიდატურებს განიხილავდნენ. მე სამინისტროსთან ვთანამშრომლობ, მაგრამ პარტიასთან არ ვთანამშრომლობ, თვითმმართველობასთან არ ვთანამშრომლობ. სუს-ს რაც შეეხება, მართალი გითხრათ, არასდროს მათგან არანაირი დავალება არ ყოფილა. რატომ არ მაწუხებდნენ, ვერ გეტყვით.
თვითმმართველობისგან თუ რამე დავალება იყო, შესრულებული მქონდა – თუ რამე კონკურსებს აკეთებდნენ, ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ და დიდ წარმატებას აღწევდნენ. ეტყობა, კიდევ სხვა თანამშრომლობებზე არის ლაპარაკი. ალბათ, ძალიან გამხეცებულია პარტიული ხაზი და აკვირდებიან, რამდენად მაღალი მიმღებლობა გაქვს მიმდინარე პროცესებისადმი”, – ამბობს თამარ ამზაშვილი.
ყოფილი დირექტორის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც მის ნაცვლად დისკრეციული წესით დაინიშნა შორენა ბუნტურია. მის შესახებ საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით ბუნტური წლების წინ მანდატური იყო, შემდეგ კი 157-ე საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. დირექტორად დანიშვნიდან ერთ წელში ის მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა წლის საუკეთესო დირექტორად დაასახელა.
“13 წლის წინ იყო ასეთი ამბავი: ნაციონალური მოძრაობის განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორი მოხსნა და იმავე სკოლის მანდატური დანიშნა დირექტორად […] ისევ ის ადამიანი [ყოფილი მანდატური] დანიშნეს ახლა უკვე 21-ე საშუალო სკოლის დირექტორის ნაცვლად”, – დაწერა განათლების ექსპერტმა და “ძლიერი საქართველოს” წევრმა სიმონ ჯანაშიამ ბუნტურის შესახებ.
ჯანაშიას თანახმად, “ქართულ ოცნებას” არ მოსწონთ, რომ სკოლა ვერ არის მათი პოლიტიკის მორჩილი.
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობენ უკვე ყოფილი დირექტორები ხონიდან და სენაკიდან, მინდია გველებიანი და შორენა შამათავაც. ამზაშვილისგან განსხვავებით, ორივე პარტიულად აქტიურია – ისინი “გახარია საქართველოსთვის” წევრები არიან.
მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გაავრცელა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მეზვრიშვილმა გველებიანისა და შამათავას დირექტორობიდან გათავისუფლება “პოლიტიკურ დევნად” შეაფასა.
“არჩევნებამდე უკვე დამარცხებულმა, ჩვენი გუნდის აქტიურობით შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით დაიწყო. პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხარდაჭრის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის სკოლის დირექტორები, ბატონი მინდია გველებიანი და ქალბატონი შორენა შამათავა, რომლებიც ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერით და ავტორიტეტით სარგებლობენ. ორივე პოზიციაზე დანიშნეს “ოცნების” პარტაქტივი – ხონში სოფლის რწმუნებულის, ხოლო სენაკში – პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
“ნეტგაზეთი” ორივე მათგანს დაუკავშირდა. მინდია გველებიანი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი იყო 2004 წლიდან, 20 წლის განმავლობაში. ამბობს, რომ სკოლის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ პარტიული კუთვნილების გამო ობიექტურად არ შეაფასებდნენ.
“როცა საქმე მიდგა საქართველოს სიყვარულზე, მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი. მე თავად ვიბრძოდი აფხაზეთში, ვიცი რა არის ომი და ვიცი, რა არის მშვიდობა. ზუსტად იმიტომ, რომ არ მინდა ომი და მინდა ქვეყანა წინ წავიდეს, საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებებს. გადავწყვიტე გავწევრიანებულიყავი ბატონი გიორგი გახარიას პარტიაში.
ბატონი გიორგი [გახარია] 21 აგვისტოს იყო ჩამოსული მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სადაც მეც ვიყავი. 27-ში, საღამოს 6 საათზე, გავიგე, რომ გამათავისუფლეს. თავად ახალმა დირექტორმა დამირეკა, რომელიც არის სოფლის რწმუნებულის ცოლი, ხათუნა ხარაბაძე”, – ამბობს გველებიანი.
გველებიანის ინფორმაციით, ხარაბაძე სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად არ აირჩია. თუმცა, მოგვიანებით ის მინისტრის დისკრეციული ბრძანებით დაინიშნა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ჯულიეტა ქობალიას. მას ვკითხეთ, ნამაშევის გარდა, არის თუ არა მუნიციპალიტეტში სკოლები, სადაც მოვალეობის შემსრულებლები აგრძელებდნენ დირექტორად მუშაობას და გამოიყენა თუ არა იმ სკოლებში მინისტრმა დისკრეციულად დანიშნვის უფლება.
“ბატონი მინდია იყო გასული, ვერ ჩააბარა გამოცდები. იყო მეორე კანდიდატურა, ამ სოფლის მკვიდრი. იმან ჩააბარა გამოცდები და გაიარა ჩვეულებრივი პროცედურები. შემდეგ, ეს კანდიდატურა წარდგენილი იყო სამეურვეო საბჭოზე. არ აირჩია სამეურვეო საბჭომ და მინისტრმა, რომელსაც აქვს დისკრეციული უფლება, დანიშნა ეს კანდიდატურა დირექტორად 6 წლის ვადით. ამის უფლება აქვს მინისტრს და ეს კანონში წერია. ეს იყო პროცედურა.
ეს არ იყო მარტო ერთი ცვლილება. სხვა ორ სკოლაში, სამეურვეო საბჭომ ჩვეულებრივად შეარჩია ახალი კანდიდატურა. სკოლების უმეტესობაში მოქმედმა მოვალეობის შემსრულებლებმა ჩააბარეს გამოცდები და აირჩნენ დირექტორებად. არის რამდენიმე სკოლა, სადაც ისევ მოვალეობის შემსრულებლები გააგრძელებენ მუშაობას. იმიტომ, რომ იქ სხვა კანდიდატურა არ იყო. ანუ, გამოცხადებულ ვაკანსიაზე არ იყო განაცხადები შეტანილი”, – გვიხსნის ჯულიეტა ქობალია.
მას ვკითხეთ მინდია გველებიანის პოზიციაზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით “დაიწუნეს”.
“პოლიტიკური ნიშით იქნებოდა იმ შემთხვევაში, გამიცდა რომ ჩაებარებინა, ვთქვათ, გასაუბრება გაევლო და მერე არ დაენიშნათ. მან ვერ გაიარა ეს პროცედურები, რატომ თვლის ასე, არ ვიცი”, – ამბობს ქობალია.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახლადდანიშული დირექტორი, ხათუნა ხარაბაძე. ის წერს, რომ დირექტორად მისი კომპენეტციისა და გამოცდილების შესაბამისად დაინიშნა
“ქართული ოცნება” მთავრობაშია უკვე 12 წელი. მაგრამ, მე წელს დავინიშნე. იმიტომ, რომ წელს ჩავაბარე დირექტორის გამოცდა […] ცხოვრებაში არაფრისთვის მიმიღწევია ადვილად, ყოველთვის ბევრი შრომა მჭირდებოდა და ჩემი თავდაუზოგავი შრომით გავხდი უფროსი მასწავლებელიც და დირექტორიც”, – წერს ხარაბაძე.
მსგავსი გამოცდილების შესახებ გვიყვება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის უკვე ყოფილი დირექტორი შორენა შამათავაც. მან კონკურსის საგამოცდო ეტაპი გაიარა, თუმცა სამინისტროში, კომისიის წინაშე გასაუბრების შემდეგ აღარ წარადგინეს საკუთარი სკოლის დირექტორობის კანდიდატად. წარდგენილი კანდიდატი, ნანა ჯგერენაია სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. თუმცა, შემდეგ ის დისკრეციული წესით დაინიშნა.
შამათავა აცხადებს, რომ მისი ოპოზიციური განწყობების გამო, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები წლების განმავლობაში აბულინგებდნენ, ზეწოლას ახდენდნენ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, საბოლოოდ კი, შესაძლებლობისთანავე ჩამოაშორეს დაკავებულ თანამდებობას.
“სამი წელია ჯოჯოხეთი მომიწყვეს, ისე გვავიწროებდნენ. ბევრჯერ ვიფიქრე, სამსახური დამეტოვებინა და წავსულიყავი უცხოეთში სამუშაოდ. გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა უკვე. “ოცნების” შტაბში ამბობდნენ, რომ ნოქალაქევში არჩევნებს წააგებდნენ ჩემ გამო, რადგან გახარიას პარტიის წევრი ვარ.
მე ვიცი, რომ ჩემი მასწავლებლების სია დევს ახლა შტაბში. დაიბარებენ და ყველას სათითაოდ შეაშინებენ. საერთოდ, ასე ხდება ჩვენთან – სკოლებიდან აქვთ შავი სიები. თუ ვინმეს რაიმე მათთვის არასასურველი, მთავრობის საწინააღმდეგო აქვს ნათქვამი, ტყავს აძრობენ”, – გვიყვება შორენა შამათავა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც. ელისო შურღაიამ დაგვიდასტურა, რომ ნოქალაქევის სკოლის დირექტორი მინისტრის დისკრეციული ბრძანებით დაინიშნა. ისიც, რომ მუნიციპალიტეტში არის სკოლები, სადაც მოვალეობის შემსრულებლები აგრძელებენ მუშაობას. თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, მიზეზად კი ის დაგვისახელა, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და ჯერ თავად უნდა გაერკვეს სიტუაციაში.
სტატიაში დაფიქსირებულ კრიტიკულ მოსაზრებებზე “ნეტგაზეთი” კომენტარის ჩაწერას შეეცადა განათლების სამინისტროსთანაც. ჩვენ უწყებას ვკითხეთ როგორც ცალკეულ ამ შემთხვევებზე, ასევე ზოგადად, პრინციპზე, რის მიხედვითაც მინისტრმა დისკრეციული უფლების გამოყენება დაგაწყვიტა. პასუხები არ მიგვიღია.