არასამთავრობო ორგანიზაციები — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ — სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ მარნეულში არჩევნებზე ხმების მობილიზებისთვის აგროვებდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას.
ორგანიზაციების თანახმად, მათ გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში.
ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:
2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.
აღნიშნული მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.
გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.
„securgd@gmail.com-ის კორესპონდენციაში, ასევე, იძებნება 2018 წლის 11 ნოემბრის ე.წ „დაფორვარდებული“ წერილი, რომელიც 9 ნოემბერს mamuka.naveriani@gmail.com-დან მისამართზე gd.reg41@gmail.com გაიგზავნა (იხილეთ სურათი N24). წერილიდან ჩანს, რომ მამუკა ნავერიანი მარნეულში პოლიტიკური ოპონენტების და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობების შესახებ აგზავნის წერილს. მამუკა ნავერიანი 2018 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა“, – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ანგარიშში მოცემულია მამუკა ნავერიანის წერილი, რომელსაც თან ახლავს ორი დოკუმენტი.
პირველი დოკუმენტი 18 გვერდისგან შედგება და მასში მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მიხედვით დეტალურადაა აღწერილი ის პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ მხარს (200-მდე ადამიანი). დოკუმენტში აღწერილია ამ პირების საქმიანობა, ნათესაური კავშირები, სოციალური კავშირები და გავლენები. განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ პირს ან მის ოჯახის წევრს აქვს ბიზნესი (როგორც წესი, საუბარია მცირე ბიზნესზე – მაღაზია, ავტოსამრეცხაო, ჩაიხანა და ა.შ.), ან მუშაობს საბიუჯეტო ორგანიზაციაში.
აგრეთვე, დოკუმენტში ხშირად არის მითითებული, რომელიმე პირი ფლობს თუ არა არაპრივატიზებულ მიწას; ზოგიერთი ბიზნესის მესაკუთრის გასწვრივ მიწერილია სიტყვა „ზედამხედველობა”, აგრეთვე, ახალგაზრდებზე გვხვდება მითითება „ჯარი”. სურათზე N25 ამ 18- გვერდიანი დოკუმენტის მხოლოდ ერთი გვერდია ასახული.
ე.წ. „სქრინშოთი“ კვლევიდან, სადაც მოქალაქეების შესახებაა შეტანილი ინფორმაცია. „სქრინშოთიდან“ ვკითხულობთ მოქალაქის შესახებ ჩანაწერებს: „ყავს ოპელი და … სოკართან დილით … ხვდება … ავტობუსს და იღებს უაქციზო სიგარეტს“, „სავარაუდოდ… აქვთ მასზე ზემოქმედების ბერკეტები“, „ყიდულობს საქონელს, კლავს და აბარებს (ზედამხედველობა, სურსათის უვნებლობა, შემოსავლების სამსახური)“.
ჩანაწერებში შესულია ცნობები მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ჩლიქოსანი ცხოველების შესახებაც.
„პარტიის მხრიდან კონკურენტი პარტიების მხარდამჭერთა შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შეგროვება უკანონო ქმედება არ არის, თუმცა დოკუმენტებში გვხვდება ისეთი ინფორმაციაც, რომელიც შესაძლოა არასაჯარო წყაროებიდან არის მოპოვებული. გარდა ამისა, დოკუმენტების შინაარსიდან ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე ასეთი ინფორმაციის მოძიების მიზანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მათზე ზეწოლის მოხდენა იყო.
ამას ადასტურებს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ინფორმაცია დალაგებული იყო იმ ორგანოების/უწყებების მიხედვით, რომლებიც პირველ დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებზე ზემოქმედების მიზნით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ესენია შემოსავლების და ზედამხედველობის სამსახური, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, პოლიცია, პრობაციის სამსახური და სამხედრო კომისარიატი“, – წერია ანგარიშში.
კვლევის თანახმად, დოკუმენტები ასევე დახარისხებული იყო შესაძლო ზემოქმედების განმახორციელებელი ორგანოების მიხედვითაც. „სქრინშოთში“ ჩანს იმ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმეებიც პოლიციასა და პრობაციის სამსახურს უკავშირდებოდა. ერთ-ერთ მოქალაქეზე წერია, რომ „აქვს აზერბაიჯანული და რუსული მოქალაქეობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყალბია“.
კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:
- პირობითი მსჯავრის გაუქმებას და საპყრობილიდან დროზე ადრე გათავისუფლება,
- შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
- სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
- წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ
ასევე წაიკითხეთ: