საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 477.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია.
აქედან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმადვე, ექსპორტი 2 558.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (35.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი -5 918.6 მლნ აშშ დოლარს (35.3 პროცენტით მეტია).
შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 359.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებში 2022 წლის იანვარ-ივნისში დაწინაურებულია ჩინეთი – 15.6%, აზერბაიჯანი – 11.2% და რუსეთი – 10%.
ამასთან, ამავე პერიოდში უმსხვილეს საიმპორტო სამეულში შედიან თურქეთი (1 039.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ აშშ დოლარი).
ჯამში, 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ აშშ დოლარი).
ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელი კვლავ არის სპილენძის მადნები (20.8%), ფეროშენადნობები (11.8%) და მსუბუქი ავტომობილები (10.5%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 416.3 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი).
საქსტატის 19 ივლისის ანგარიშის თანახმადვე, 2022 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენდა.
ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2017-2022 წლებში: