საზოგადოება

საქსტატი: 2023-ის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 2044 ლარი იყო

18 მარტი, 2024 • 2096
საქსტატი: 2023-ის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 2044 ლარი იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
    გაიზარდა 17.3 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით);
  •  მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0
    პროცენტით).

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა.

ამავე სტატისტიკით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით“, — აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა- მთიანეთი.


აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

„ნეტგაზეთი“ წლების განმავლობაში წერდა, რომ არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი 500 ლარი გამოდის.

საქსტატმა მედიანური ხელფასის სტატისტიკა ერთხელ, 2022 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი