სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც სოსო გოგაშვილის ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ბრალის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გოგაშვილს სამი ეპიზოდში ედავება.
პირველი ეპიზოდი ადვოკატის თქმით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ეხება. კერძოდ, როგორც ბრალდებაშია მითითებული, ეს შეეხება 2015-18 წლებში გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს:
„თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე .როგორც დადგენილებაში წერია, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელებულ პერსონალურ მონაცემებზე ორ პირთან მიმართებით“- ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.
მისი თქმით, მეორე ეპიზოდი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. კერძოდ, ბრალის დადგენილების მიხედვით, გოგაშვილს ედავებიან სუს-ში მუშობის პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი და პერსონალური მონაცემების უწყებიდან უკანონოდ გამოტანას, მესამე ეპიზოდი კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება:
„5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. აქედან ორი ის იარაღია, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ მოხდა მათი ჩადება, 3 იარაღი კი ეკუთვნის მის დაცვის თანამშრომლებს, გაფორმებული და რეგისტრირებულია მათზე და ინახებოდა სოსო გოგაშვილის სახლში, ანუ დაცვის თანამშრომლების სამსახურში“ – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის განცხადებით, კონკრეტულად რა მონაცემების გავრცლებას ედავებიან სოსო გოგაშვილს მისთვის უცნობია და იმედს გამოთქვამს, რომ დღის ბოლომდე მას საქმის მასალებს გადასცემენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩხრეკისას სოსო გოგაშილის ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები ჩაუდეს, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები. ასევე მათი განცხადებით, გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.