სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ მან გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, მათი გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ 11 300 ლარი აიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.