ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება

16 ივლისი, 2022 •
ადვოკატის თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაჯაროებას აპირებდა და მის დაკავებასაც ამას უკავშირებს. ამის შესახებ მან გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, საზღვარგარეთ სანდო ხელშია და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

„როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება მის მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები, თუ რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში.

აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამდენიმე დღეში და  როგორც აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს რამდენიმე დღეში. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც დაახლოებით ორი დღის წინ დაწერა,  ამ ყველაფრის პრევენციისთვის, მოხდა მისი დაკავება. თუმცა ის სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილის დაკავება კანონდარღვევით მოხდა და რის გამოც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართავენ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩხრეკისას სოსო გოგაშილის ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები ჩაუდეს, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები. ასევე მათი განცხადებით, გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ  გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი