ახალი ამბები

აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – ომბუდსმენის წარმომადგენელი გოგაშვილზე

16 ივლისი, 2022 • 896
აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – ომბუდსმენის წარმომადგენელი გოგაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ქეთევან ხვედელიანი, რომელმაც დაკავებული სოსო გოგაშვილი მოინახულა, ამბობს, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

მისი თქმით, გოგაშვილს სახეზე შეშუპება აღენიშნება, ხელის მტევნებსა და ფეხებზე კი სილურჯეები აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული დაზიანებები გოგაშვილმა დაკავების დროს მიიღო.

„აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომლებიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი, უკვე ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს, როგორც ვიცი, მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით.“, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩხრეკისას სოსო გოგაშილის ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები ჩაუდეს, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები. ასევე მათი განცხადებით, გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ  გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი