საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებშია ასახული.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები, სავარაუდოდ, წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით.
“29 ნოემბრის დილის 02 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.
ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე”, – წერია განცხადებაში.
ასევე, განცხადების თანახმად, 28 ნოემბრის ღამის განმავლობაში რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული.
“ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.
29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.
ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.
სახალხო დამცველის აპარატმა ყველა დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მოქალაქეები თავდაპირელად თვითდინებით შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ კი გადმოინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში.
ამავე თემაზე: