„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის დაკავება მის ბოლო განცხადებას არ უკავშირდება.
საუბარია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სოსო გოგაშვილმა „სიმართლის მოყოლა“ დაანონსა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ იცის.
ირაკლი ზარქუას თქმით, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ეკავა გოგაშვილს, თუ პოტენციური დანაშაულია ჩადენილი, სასამართლო და შესაბამისი უწყებები ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებენ.
„მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული, თუ არ ვცდები, დაკავებაც და შესაბამისად, უკვე მერე ვნახავთ რასთან გვქონდა საქმე. ერთი რამ ცხადად ჩანს და ჩვენს მმართველობაში მკაფიოდაა გამოხატული, რომ მიუხედავად იმისა, ვინ არის ის, იყო მაღალჩინოსანი, ჩვენი გუნდის წევრი თუ არა, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც…
[სოსო გოგაშვილი] ბოლო წლებია სულ რაღაცას გვემუქრება, ხან რაღაცას დებს და ა.შ. თუ ეს არის საფუძველი, მაშინვე აიყვანდნენ, მაგრამ არაა. კონკრეტული მიმდინარე მიმდინარე საგამოძიებო საქმეზეა და ჩათვალა შესაბამისმა უწყებამ, რომ ახლა დროა მიემართა სასამართლოსთვის, ჩაატარა ჩხრეკა და დაკავება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩხრეკისას სოსო გოგაშილის ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტები და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები ჩაუდეს, მათ შორის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათები. ასევე მათი განცხადებით, გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რა მუხლებითა გოგაშვილი დაკავებული. უწყებაში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი თითქმის 12 საათის შემდეგ გააკეთეს და თქვეს, რომ ის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან 13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვან, „აი უცნობის“ დამფუძნებლის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ასახავს, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში გოგაშვილმა „ტელეეთერიდან სიმართლის მოყოლა“ დაანონსა.
„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?
მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – დაწერა გოგაშვილმა.