ახალი ამბები

ქნირში: სასარგებლო არაა მედიის ყურადღება დიპლომატების და ინდივიდების დავაზე

13 ივლისი, 2022 • 727
ქნირში: სასარგებლო არაა მედიის ყურადღება დიპლომატების და ინდივიდების დავაზე

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები არაა ის თემა, რაზეც მედიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს.

ქნირშის თქმით, აღნიშნულ საკითხს ჟურნალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ და ფოკუსი გადადის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომელიც ახლა ყურადღების ცენტრში უნდა იყოს:

„რაც შეეხება კელი დეგნანზე თავდასხმას, ვფიქრობ, ეს ის თემაა, რასაც ქართული მედია დიდ ყურადღებას უთმობს და ყურადღება გადააქვს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომლებიც ახლა ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ეს ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან და სხვა საკითხებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, შრომის ბაზართან.

სასარგებლო არაა მედიის ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დავა კონკრეტულ პირებს თუ დიპლომატებს და ინდივიდებს შორის. ევროკავშირის 12 პუნქტი დიდი პროგრამა და მნიშვნელოვანი დავალებაა“, – აცხადებს გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „ფორმულას“ თარგმანის მიხედვით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის არა უბრალოდ ელჩის, როგორც პიროვნების, კრიტიკა, არამედ შეერთებული შტატების შანტაჟის მცდელობა, რასაც, დიდი ალბათობით, დამანგრეველად უარყოფითი შედეგები ექნება საქართველოსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი