ახალი ამბები

ხელისუფლებასთან განვიხილავთ სანქციების დაწესების საკითხს — გერმანიის ელჩი

16 მარტი, 2022 • 1891
ხელისუფლებასთან განვიხილავთ სანქციების დაწესების საკითხს — გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებთან საუბარში ქნირში ამბობს, რომ იცის საქართველოს მოსახლეობის დიდი სურვილის შესახებ — შეუერთდეს ევროკავშირს, ჰქონდეს ევროპული ცხოვრების სტანდარტი, ევროპული განათლება და სამუშაო პირობები. თუმცა ამისთვის საჭიროა ძალისხმევა „არა ბრიუსელში, არამედ აქ“.

გამოცემა BM.GE-მ ელჩს ჰკითხა, საქართველო, რომელმაც EU-ს წევრობაზე განაცხადი ცოტა ხნის წინ შეიტანა, უნდა შეუერთდეს თუ არა ევროკავშირის სანქციებს. კითხვის პასუხად ქნირშმა განაცხადა:

„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს, რომ ისინი შეუერთდნენ სანქციებს. რას ნიშნავს ეს საკუთრივ საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს მან, ეს არის იმ დისკუსიების საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს მთავრობასთან გვაქვს და მაქვს მოლოდინი, რომ დისკუსიები წინ წაიწევს და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ შედეგი“, — ამბობს ქნირში.

დამაზუსტებელ კითხვებზე საპასუხოდ ის ამბობს, რომ ეს არის ის, რისი თქმაც მას შეუძლია.

ქნირშის განცხადებიდან მალევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია უცვლელია — „საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი