ახალი ამბები

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში BILD-ის სტატიას ეხმაურება

23 ნოემბერი, 2021 • 3283
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში BILD-ის სტატიას ეხმაურება

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეხმაურება გამოცემა BILD-ის კრიტიკულ სტატიას.

აღნიშნულ სტატიაში ქნირში პროსახელისუფლებო განწყობების მქონე დიპლომატად არის მოხსენიებული. ასევე ხაზგასმულია, რომ მისი მეუღლე “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს, რაც დიპლომატს მის პროფესიულ საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს უქმნის.

ქნირში ნეტგაზეთთან წერილობით კომენტარში ამბობს, რომ სტატია არანაირად არ იმოქმედებს „ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ და ამაყობს მისი მეუღლის პროფესიული საქმიანობით.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე, ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, – წერია ქნირშის წერილობით პასუხში.


გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკულ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიიჩნევა, როგორც თვალშისაცემად პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად, მისი მეუღლე კი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს. ამასთან, სტატიაში “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად და “რუსეთის მეგობრად” არის მოხსენიებული.

ვრცლად:

BILD: სერიოზული ბრალდებები გერმანიის ელჩის მიმართ საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი