ახალი ამბები

“იპოდრომის ამბავი ნათელი მაგალითია, როგორ უყურებენ საჯარო სივრცეებს”, – დისკუსია იპოდრომის რეაბილიტაციაზე

12 ივლისი, 2022 • 533
“იპოდრომის ამბავი ნათელი მაგალითია, როგორ უყურებენ საჯარო სივრცეებს”, – დისკუსია იპოდრომის რეაბილიტაციაზე

“ღია საზოგადოების ფონდის” ორგანიზებით იპოდრომზე გაიმართა დისკუსია მოქალაქეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან „იპოდრომი-უბეტონო მხარე“, სადაც განიხილეს იპოდრომის კორტებისა და პარკის რეაბილიტაციის გარშემო არსებული პრობლემები. დისკუსია გუშინ, 11 ივლისს შედგა.

დისკუსიის მონაწილეების თქმით, იპოდრომის პარკის რეაბილიტაციის გეგმა მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე შედგა და უნებართვო მშენებლობის ფორმით მიმდინარეობს. რაც შეეხება პარკს, “ღია საზოგადოების ფონდის” განცხადებით, საჩოგბურთო კორტების ტერიტორია კერძო ინტერესს შეეწირა, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის ადრინდელი პირობისა, რომ საზოგადოებრივი სივრცე საზოგადოებასვე უნდა დაბრუნებოდა.

„იპოდრომი-უბეტონო მხარე“ ჯგუფის წარმომადგენელი ელენე ცერცვაძე ამბობს, რომ იპოდრომზე სადავო და დაგეგმილი მშენებლობების საკითხზე ეფექტურად სასამართლოც არ მუშაობს:

“ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო ზუსტად ისე ექცევა ამ საკითხს, როგორც მერია ექცეოდა. უწყებიდან უწყებაში გვამისამართებს, კითხვიდან-კითხვაზე. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და მთლიანი პროცესი არის წრეზე სიარული, სადაც არაფერი იცვლება“, – აცხადებს ცერცვაძე.

მშენებლობებთან დაკავშირებით დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა “სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თათული ჭუბაბრიამაც. მისი თქმით, სამშენებლო ტერიტორიებზე დაგეგმილ და განხორციელებულ მშენებლობებთან დაკავშირებით სასამართლო სუსტი მექანიზმია, რადგან პროცესის გაჭიანურების გამო ხშირ შემთხვევაში პროექტი უკვე დასრულებულია, როცა სასამართლო ინიშნება.

“ეს ალბათ საგანგებოდ ხდება, რომ მთავარ არგუმენტად არსებობდეს გაწეული ინვესტიციის ხარჯი და ინვესტორის დანახარჯები“, – აცხადებს ჭუბაბრია.

დისკუსიის ფარგლებში ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინტერესის გათვალისწინების საკითხიც. “ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენლის, ანანო ცინცაბაძის თქმით, საზოგადოებრივი სიკეთე საზოგადოების ფართო ფენისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი:

“იპოდრომის ამბავი არის ნათელი მაგალითი, როგორ უყურებენ საჯარო სივრცეებს. ეს ორნაწილიანი ამბავია. პირველი არის საარჩევნო ინტერესი. ჩვენ ვიცით, რომ მთლიანად იპოდრომის პარკი შეეწირა საარჩევნო ინტერესებს და წინასაარჩევნო პიარს. მეორე- ეს არის კომერციული ინტერესი და ამის მწვერვალია იპოდრომის კორტების ამბავი. ეს დისკუსია, ჩვენი საუბარი, საზოგადოებაში კრიტიკული აზრის წარმოშობას ემსახურება, რომ მათ პრობლემა დავანახოთ“,- განაცხადა ცინცაბაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი