თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა.
მისი თქმით, 440-ის ნაცვლად, პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი და მეტი სივრცე დაეთმობა გამწვანებას.
„საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე
გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, — განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და ხარჯებს სრულად გაიღებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
„არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება — ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, მათ ეს მუნიციპალიტეტს გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, — გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, — ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ თემაზე: