საზოგადოება

იპოდრომი — გაჭიანურებული რეაბილიტაცია პროექტის გარეშე

15 აპრილი, 2022 • 2432
იპოდრომი — გაჭიანურებული რეაბილიტაცია პროექტის გარეშე

საბა სუხიტაშვილი საბურთალოზე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან ცხოვრობს. ამბობს, რომ 30 წელიწადზე მეტია, აქ დადის და ფაქტობრივად „იპოდრომზეა გაზრდილი“.

საბასთვის ეს ადგილი განსაკუთრებით ძვირფასია. ამიტომ ის გვეუბნება, რომ ყოველთვის აწუხებდა იპოდრომისა და მისი მიმდებარე ადგილების მდგომაროება.

სხვა მოქალაქეების მსგავსად, საბა სუხიტაშვილიც ამჩნევს, რომ ბოლო 2 წელია, იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტი გაჭიანურდა, ამიტომ ერთ დღეს გადაწყვიტა, მიმდინარე სამუშაოებისთვის ფოტოები გადაეღო, შემდეგ კი ერთმანეთისთვის შეედარებინა.

ერთსა და იმავე ადგილს 3 თვის განმავლობაში ერთი და იგივე რაკურსით გადაუღო ფოტო. შედეგად კი დაინახა:

ყოფილი იპოდრომი საბურთალოზე. საბა სუხიტაშვილის ფოტო.

„ფოტოს გადაღების იდეას რაც შეეხება, სეირნობისას ყოველთვის ვაკვირდებოდი ცენტრალური პარკის მიმდინარე სამუშაოებს, პირველი ფოტოს გადაღების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც შევატყვე, რომ ექსკავატორი,უკვე დიდი ხანი იდგა ერთ ადგილას და ვიფიქრე, საინტერესოა, რამდენი ხანი იდგება ასე-მეთქი.

თავიდან საერთოდ ვერ ვიფიქრე, რომ ამდენი ხანი მართლა არ გაამოძრავებდნენ. მორიგი სერინობისას გადავუღე სხვა სურათებიც იმავე ადგილიდან და საბოლოოდ, ჩავთვალე, რომ 3 თვე უმოძრაოდ გაჩერებული ექსკავატორის ფოტოს საჯაროდ გამოქვეყნება საინტერესო იქნებოდა. ძირითადად ექსკავატორზე გავაკეთე აქცენტი, რადგან ამხელა ტერიტორიებზე ტექნიკა უნდა მუშაობდეს. ამხელა ადგილი შემოღობილია თვეობით, წლობით, ადამიანებიც ვერ შევდივართ შიგნით. მხოლოდ ამის დაფიქსირება მინდოდა“ ,— უთხრა საბა სუხიტაშვილმა ნეტგაზეთს.

თბილისის ცენტრალურ პარკს ამ დრომდე არ აქვს პროექტი — დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარკი უნდა მოეწყოს. ამასთანავე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის საჯარო ბაზაში არ იძებნება არცერთი დოკუმენტი, რომელიც ყოფილი იპოდრომის მოწყობას ეხება.

აქტივისტები და არასამთავრობო სექტორი ამბობენ, რომ სახეზეა უკანონო მშენებლობა. მერია კი ირწმუნება, რომ ყველაფერი რიგზეა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა ბედი ელის პარკს, რომელიც ქალაქის მთავარი რეკრეაციული სივრცე უნდა გამხდარიყო. 

ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც არ არსებობს

ყოფილი იპოდრომი, რომელიც 36 ჰექტარზეა გადაჭიმული, მერიის ინფორმაციით, ქალაქს გადასცა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ და რეაბილიტაციასაც სრულად ის აფინანსებს. უწყების თქმითვე, ეს პროექტი „რამდენიმე ათეული მილიონი“ უნდა დაჯდეს.

ამ დაპირების ფონზე ეს ტერიტორია ამჟამად ორ ნაწილადაა დაყოფილი — სივრცე, რომელიც სამუშაოებისთვის შემოსაზღვრულია და სივრცე, რომელსაც მოქალაქეები ჯერ კიდევ იყენებენ სარეკრეაციოდ.

ღობით შემოსაზღვრულ ნაწილში სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს, მას შემდეგ ცვლილება ცოტაა.

ადგილი გამოიყურება ასე:

საბურთალო, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია Google Map-ის სატელიტიდან. 2022 წელი.

იპოდრომზე ჩვენ დილით მივედით, დაახლოებით, 11:00 საათზე. ამ დროს აქ სამშენებლო ტექნიკის ნაწილი მუშაობდა, მათ ძირითადად ქვიშა შეჰქონდათ შემოღობილ ტერიტორიაზე. ახლომახლო კი მუშები ქვის ჯებირებს აწყობდნენ.

სამშენებლო ტექნიკა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ეს სამუშაოებიც კი, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია გრძელდება და დასასრულამდე გრძელი გზა აქვს გასავლელი, გაწერილი პროექტის გარეშე მიმდინარეობს. ცენტრალური პარკის პროექტი ჯერ კიდევ არ არის მზად, არადა, პირველადი გეგმის მიხედვით ცენტრალური პარკი თბილისს 2022 წელს უკვე უნდა ჰქონოდა.

მაგალითად, კახა კალაძემ 2020 წლის 7 ოქტომბერს თქვა: 

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება“.

ის, რომ პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდებოდა, კალაძემ 2021 წლის 8 ივნისსაც თქვა. რამდენიმე თვით ადრე კი, ამავე წლის აპრილში, კახა კალაძემ ფეისბუკ ლაივის დროს განაცხადა, რომ მერიამ პირველ ეტაპზე წარადგინა პარკის კონცეფცია, სადაც ყველა ჯგუფის მოთხოვნები და ინტერესებია გათვალისწინებული.

შემდეგ კი დასძინა : „ამ წუთებში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის და საბოლოოდ, არ ვიცით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე. თუმცა, ამ პროცესში ვისაც სურვილი აქვს რომ ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობაში, ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ რაკი კანონის საწინააღმდეგოდ პროექტი მერიასთან შეთანხმებული არ არის და არ არსებობს მშენებლობის ნებართვა, ეს სამშენებლო პროცესი უკანონოა.

ორგანიზაციამ იპოდრომზე უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად სასამართლოს უკვე მიმართა. სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე, თათული ჭუბაბრია ამბობს:

„ერთია, რომ [შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა] საჯარო ინფორმაციის დაფარვას – როდესაც, აქვთ ეს პროექტი და არ ასაჯაროებენ, მაგრამ თვითონ მერმა, კახა კალაძემ არაერთ ჩართვაში განაცხადა, რომ პროექტი არ არის — არსებობს მხოლოდ ესკიზი და აქედან ვასკვნით, რომ დაფარვასთან არ გვაქვს საქმე, არამედ უკანონო მშენებლობასთან.

ეს არგუმენტი, რომ მხოლოდ ესკიზი არსებობს და არა პროექტი, თავის დროზე, კალაძემ თვითონ გამოიყენა სათავისოდ იმ პოლემიკაში, როდესაც მას ედავებოდნენ, რომ საზოგადოების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე დაიგეგმა ეს პროცესი. ის ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ ეს მონაწილეობითი პროცედურები დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც ესკიზიდან გადავიდოდა საპროექტო მასალაში. სამწუხაროა, რომ ესკიზის საბაბით უშვებენ იმას, რომ იქ სამუშაოები მიმდინაროებდეს“.

სანამ პროცესში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჩაერთვებოდა,  2020 წლის ოქტომბერში სასამართლოს მოთხოვნით მიმართა „მწვანე ალტერნატივამ“. აღნიშნული სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.

ორგანიზაცია ამბობდა, რომ გარემოდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება სპეციალური სკრინინგის პროცედურას, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებული იყო, პარკის ტერიტორიაზე სამუშაოები შეეჩერებინა. მ

თათული ჭუბაბრია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. ფოტო: EMC

ჭუბაბრია ასევე დასძენს, რომ როდესაც ორგანიზაცია კითხვებზე პასუხის მიღებას შეეცადა, მერიამ ის „ქართუში“ გადაამისამართა. თუმცა ამ პერიოდისთვის ტერიტორია უკვე სახელმწიფო საკუთრებაში იყო, შესაბამისად, ეს მხოლოდ „ქართუს“ პროექტად ვეღარ ჩაითვლება.

ინფორმაციის არარსებობაზე ნეტგაზეთთან საუბრობს ორგანიზაციის „იპოდრომი — უბეტონო მხარე“ დამფუძნებელი, ელენე ცერცვაძეც. ამ ორგანიზაციამ სასამართლოში საჩივარი „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად შეიტანა.

ცერცვაძე გვიყვება, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ოფიციალური გზით  ინფორმაცია მერიისგან, უბრალოდ, ვერ მიიღო. კითხვებს არ უპასუხეს არც ადგილზე მომუშავე მუშებმა.

„გამოდის, რომ კაცმა არ იცის, ვინ რას აკეთებს. მერიას პასუხი კი არ აქვს. არც გველაპარაკებიან, თავიდან იცილებენ. წერილებზე გვპასუხობენ, რომ ხან იქ გადაგამისამართებთ, ხან აქო. ამიტომ, სასამართლო საჩივარი შევიტანეთ და ველოდებით განხილვებს“, — დასძენს ის.

„საქმის არსიდან, დოკუმენტებიდან და ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, აბოსლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენი საჩივრის სიმართლეში — შავით-თეთრზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და სასამართლოს სამართლიანობა ყველას კარგად მოგვეხსენება, თავს ვერ დავდებ… თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა“.

მერიის პასუხი

ნეტგაზეთი პასუხებისთვის დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ახლა ადგილზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა, დამატებით კითხვებზე, მაგალითად, ვინ აწარმოებს ამ მოსამზადებელ სამუშაოებს, უწყებაში გვიპასუხეს, რომ რაკი ეს „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტია, პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება კითხვებს მშენებლობის ნებართვაზე, უწყებაში ამბობენ:

„პარკი არის ლანდშაფტური მშენებლობა, რომელიც არ საჭიროებს სამშენებლო ნებართვას. არცერთ მუნიციპალურ პარკს ან სკვერს არ დასჭირვებია სამშენებლო ნებართვა. რაც შეეხება პროექტს, ჯერ არ დასრულებულა“.

ნეტგაზეთმა ასევე სცადა კომენტარი მიეღო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანისგან. მას ჩვენ დავუკავშირდით და ინტერვიუს სურვილის შესახებ ვაცნობეთ. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

როგორი პარკის მოწყობა იგეგმება?

თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი ცენტრალური პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP მუშაობს. ამ დროისთვის საჯაროა მისი პირველადი პროექტი, რომელშიც პარკის ესკიზია მოცემული.

ამ დოკუმენტის თანახმად, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე – 36 ჰექტარზე, სხვა სივრცეებთან ერთად, დაახლოებით 500-ადგილიანი პარკინგი უნდა განთავსდეს. ჯამში, პარკს 26 ზონა ექნება.

იპოდრომზე დაგეგმილი რეაბილიტაციის რუკა. ფოტო: Lap

თუმცა, ფოტომონტაჟის გამოქვეყნებიდან მალევე, პარკის ამგვარ პროექტს კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, ქალაქდამგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ეს პროექტი მორეგბულია იმ ადამიანებზე, ვინც პარკში მანქანით მივა, შესაბამისად, სარეკრეაციო ზონის დიდი ნაწილი იკარგება პარკინგში.

ვრცლად ამაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არიქივდან:

პარკინგი 500-მდე ავტომობილისთვის და გასართობი სივრცეები – რას გეგმავენ იპოდრომზე [პროექტი]

მასალების გადაბეჭდვის წესი