ახალი ამბები

იპოდრომზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

12 სექტემბერი, 2021 • 2853
იპოდრომზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, ყოფილ იპოდრომზე მშენებლობის წინააღმდეგ.

ორგანიზატორების თანახმად, მე-11 თვეა, რაც იპოდრომზე მშენებლობა მიმდინარეობს, რაც, მათ შეფასებით, უკანონოა.

„საპროტესტო ტალღის საპასუხოდ ქალაქის მერის დაპირების მიუხედავად, პროექტში საზოგადოების ჩართულობის შესახებ, მოსახლეობასთან საუბრისა და მოსმენის მცდელობა კვლავაც არავის ჰქონია. ტერიტორიაზე სამშნებლო სამუშაობი ისევ გრძელდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „იპოდრომი – უბეტონო მხარე“.

ორგანიზატორების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით იწყებენ სამართლებრივ დავას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდორიმის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და ქალაქის საჯარო ინტერესებთან მისი შეუთავსებლობის შესახებ.

სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა, ქალაქ თბილისის მერიას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლის მიმართა.

ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის 19 ივლისის პასუხით მათ მერიიდან აცნობეს, რომ ინფორმაცია ამ მშენებლობის შესხებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემთა ბაზაში არ ინახებოდა და განცხადება გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს.

„მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ყველა ვადის გასვლისა, ადმინისტრაციულ ორგანოს პარკის მშენებლობის ნებართვა ჯერაც არ გაუსაჯაროებია“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, იპოდრომზე „ცენტრალური პარკის“ პროექტის პრეზენტაცია 2020 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქის მერმა წარადგინა, ამავე წლის 19 ოქტომბერს კი მშენებლობის პროცესი დაიწყო.

2021 წლის 10 აპრილს საინიციატივო ჯგუფის, „იპოდრომი – უბეტონო მხარის“ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პარკის პროექტს აპროტესტებდა და ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას მოითხოვდა.

კრიტიკის საპასუხოდ ქალაქის მერმა 11 აპრილს განაცხადა, რომ პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობდა და მისი დამუშავება არ იყო დასრულებული, მოსახლეობას კი აღუთქვა, რომ პროცესი მაქსიმალუად ინტერაქციული იქნებოდა.

„ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის წინააღმდეგობა, რამდენადაც ერთის მხრივ, გამჟღავნდა, რომ მშენებლობის პროცესი მხოლოდ კონცეფტუალური პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა; მეორეს მხრივ, კი მოსახლეობის წერილობით თხოვნას ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობაზე თბილისის მერიამ 23 აპრილს უარით უპასუხა იმ საფუძვლით, რომ პარკის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მოთხოვნაც მათთან უნდა გადამისამართდეს. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება, პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, კვლავაც არ არის შესრულებული, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე კი მშენებლობა გრძელდება“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ნახეთ ასევე:

პარკინგი 500-მდე ავტომობილისთვის და გასართობი სივრცეები – რას გეგმავენ იპოდრომზე [პროექტი]

მასალების გადაბეჭდვის წესი