ახალი ამბები

ზურაბიშვილი: საზოგადოება ისევ ელის 5 ივლისის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

5 ივლისი, 2022 • 828
ზურაბიშვილი: საზოგადოება ისევ ელის 5 ივლისის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ჯგუფები გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აცხადებს, რომ ეს სრულიად მიუღებელია. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ჯგუფების გაძლიერება აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას:

„ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც – რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 45-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი