ახალი ამბები

მზად ვართ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მსჯელობა – ოხანაშვილი

21 ივნისი, 2022 • 505
მზად ვართ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მსჯელობა – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმუშაოს ვენეციის კომისიასთან კომისიის მიერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ბოლო დასკვნაზე.

ოხანაშვილის თქმით, დასკვნაში არის „ერთი უცნაური რეკომენდაციაც“​:

„ვენეციის კომისიამ 2014 წლის 14 ოქტომბერს გასცა რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს. ჩვენ ეს რეკომენდაცია, 2021 წლის 30 დეკემბერს ცვლილებების შედეგად, ზედმიწევნით შევასრულეთ, თუმცა ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისსავე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს“.

„ჩვენ მზად ვართ როგორც ამ უცნაურ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც მსჯელობა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიამ 20 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებზე, რითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, „სასამართლსო კლანმა“ კონტროლის ბერკეტები გაიმყარა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტის კრიტიკული შეფასებებიდან სამ საკითხს გამოყოფს და წერს:

  1. „კორპორატივიზმი და კრონიზმი – დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ კომისია კორპორატივიზმის პრობლემის დასაბუთებულობის, ან მისი სიმძიმის შეფასებაში ვერ შევა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯების ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“;
  2. „კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება – ამ შემთხვევაში კომისია ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ განხილვების დაუსაბუთებელი დაჩქარება, კანონპროექტების ამგვარი უხარისხო განხილვა პირდაპირ ძირს აცლის საპარლამენტო კონტროლის არსს. მით უმეტეს, როცა კანონპროექტი სხვა სახელისუფლებო შტოს საქმიანობას შეეხება, აქ სახელუფლებო შტოებს შორის ბალანსის პრობლემაც შემოდის“;
  3. „კანონპროექტის დასაბუთებულობა – კომისია მკაფიოდ წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათი შეხვედრებისას, ვერანაირი დასაბუთება, ვერც ადეკვატური სტატისტიკური მონაცემები და ვერც რაიმე კვლევა, ვერ მოისმინეს, რომლითაც ეს ცვლილებები დასაბუთდებოდა. მეტიც, კანონპროექტის შინაარსი პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს და ევროპის სასამართლოს მიერ განვითარებულ პრაქტიკებს, აგრეთვე, ჩვენს კონსტიტუციურ სტანდარტებს. ასევე, დასკვნაში საუბარია რისკებზე, რომ ეს ცვლილებები შეიძლება გამოყენებული იყოს მოსამართლეთა გასაჩუმებლად და განსხვავებული აზრის დასახშობად“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი