ახალი ამბები

რაზე ესაუბრნენ ბლინკენის მრჩეველს NGO-ები, მთავრობა და ოპოზიცია

19 მაისი, 2022 • 1063
რაზე ესაუბრნენ ბლინკენის მრჩეველს NGO-ები, მთავრობა და ოპოზიცია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შოლემ საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებზე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში რუსული გავლენების არსებობაზე.

„ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანზე. ასევე, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საქმეზე. ის იყო ერთ-ერთ მაგალითად მოტანილი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ.

მისი მხრიდან პოზიცია არ ყოფილა დაფიქსირებული, თუმცა, განსაკუთრებული შეკითხვები და ინტერესი მას ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით და ასევე, განსაკუთრებული ინტერესი მათი მხრიდან იყო სხვადასხვა ჯგუფიდან რუსული გავლენების არსებობაზე ქვეყანაში“, — განაცხადა შეხვედრის შემდეგ საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.

დერეკ შოლეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

მედიის თავისუფლება, ნიკა გვარამიას დაკავება და პოლიტიკური დევნა იყო დერეკ შოლესა და ოპოზიციის შეხვედრისას განხილვის  თემა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ ასევე ისაუბრეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის  ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

„ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება“,- განაცხადა ხოშტარიამ.

დერეკ შოლეს შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან

რაც შეეხება მთავრობას, დერეკ შოლემ შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მათივე ცნობით, აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

„შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.

დერეკ შოლეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს დერეკ შოლესა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის გამართულ შეხვედრაზეც. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 დერეკ შოლეს შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

საქართველოში ვიზიტის პარალელურად დერეკ შოლემ გამოაქვეყნა ოპედი საქართველოს შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ 1992 წლიდან აშშ-მა თითქმის 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

სახდეპის მრჩეველი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის მიმართ.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რადგან პუტინი აგრძელებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ შრომას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და კრემლის დასასჯელად მისი სისხლისმღვრელი ქმედებების გამო. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას მეზობელი უკრაინის მიმართ და ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ“, — წერს შოლე.

შოლეს თქმის, მას იმედს აძლევს საქართველოს მთავრობის პირობა, რომ გაატარებს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, მათ შორის, რაც აღინიშნა 2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის სამიტზე.

„ეს უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს თავისი სრული პოტენციალის მიღწევა“, — ამბობს შოლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი