ახალი ამბები

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს აზოველების გადარჩენას სთხოვენ

13 მაისი, 2022 • 1436
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები მსოფლიოს აზოველების გადარჩენას სთხოვენ

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა — ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ — მიმართეს მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში ჩარჩენილი სამოქალაქო და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში.

ისინი მსოფლიოს სთხოვენ, ყველა არსებული დიპლომატიურ რესურსით დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას სამოქალაქო პირების და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში, რომელთა განადგურებას რუსეთი, პუტინის ბრძანებით, „ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს“.

„რაშისტების ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. ქალაქი მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი დანაშაულის კვალი დამალოს. ქალაქის უკრაინელი ჯარისკაც-დამცველების არაჩვეულებრივმა გამბედაობამ და გმირობამ არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა.

ისინი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, თავგანწირულები, მამაცები, პატრიოტები. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვსაუბრობთ თანაბარ და უთანასწორო ბრძოლაზე. მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსების სისხლიანი შურისძიების და ანგარიშსწორების მცდელობა მათზე, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ალყაში იყო მოქცეული, დაამარცხეს სულითა და ნებისყოფით“, — ნათქვამია უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტების ერთობლივ მიმართვაში.

12 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთს შესთავაზა მარიუპოლის მცველების ევაკუაცია ბერდიანსკის პორტიდან იმ პირობით, რომ მებრძოლები ომის დამთავრებამდე დარჩებოდნენ თურქეთში და აღარ დაბრუნდებოდნენ საომარ მოქმედებებში. ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილევის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა. ასევე, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალნი დაუკავშირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, თუმცა სერგეი შოიგუმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, რომლის აღებაც რუსეთის არმიამ ვერ შეძლო. რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. „აზოვსტალში“ გამაგრებული არიან აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

გაეროსა და წითელი ჯვრის მედიაციით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან განხორციელდა ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაცია. ქარხანაში კვლავ რჩებიან დაჭრილი და დაშავებული სამხედროები. უკრაინა რუსეთს აზოვსტალში ჩარჩენილი დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

“აზოვის” დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა ილია სამოილენკომ ინტერნეტით გავრცელებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფომ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა და ისინი მარტო დარჩნენ ომის ფონზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო რუსეთი არ თანხმდება არცერთ შემოთავაზებულ ვარიანტს აზოვსტალში გამაგრებული სამხედროების ევაკუაციაზე. თავად აზოვის პოლკის წევრები უარს ამბობენ ჩაბარებაზე, მით უმეტეს, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი მათ სიკვდილით დასჯის.

„ამ დროისთვის აზოვსტალის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. აზოვსტალის დამცველებს დანებება არ სურთ. ეს პატივისცემას იმსახურებს. რუსები მათ გაყვანაზე არ თანხმდებიან. ეს რეალობაა, მაგრამ რუსებისგან გასაკვირი არ არის. რა არის გასაკეთებელი? მთავრობა სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს.

არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. მაგრამ ჩვენ ვეძებთ არა იდეალურ, არამედ მუშა ვარიანტს. როგორც პირველი ნაბიჯი, რუსებს შევთავაზეთ ასეთი გაცვლა: მძიმედ დაშავებულ ბიჭებს აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოვიყვანთ. ამის ნაცვლად ჩვენ ვაძლევთ რუს ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესებით. ჯერ შეთანხმება არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება“, — წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე – რა ხდება აზოვსტალის ქარხანაში [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი