ახალი ამბებისაზოგადოება

ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე – რა ხდება აზოვსტალის ქარხანაში [ფოტო]

11 მაისი, 2022 • 1628
ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე – რა ხდება აზოვსტალის ქარხანაში [ფოტო]

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში კვლავ რჩებიან დაჭრილი და დაშავებული სამხედროები. ფოტოებზე, რომლებიც აზოვის პოლკის Telegram გვერდზე გავრცელდა, ჩანს, რომ რუსეთის მიერ ალყაში მოქცეულ ქარხანაში დაჭრილები და დაშავებულები არიან, მათ ნაწილს კი კიდურები აქვს დაკარგული.

ფოტოებთან ერთად Telegram-ზე გავრცელდა პოსტიც, სადაც აღწერილია, რომ აზოვსტალში საბრძოლველად დარჩენილი და დაჭრილი სამხედროები ანტისანიტარიულ პირობებში არიან, არ აქვთ არც საჭირო მედიკამენტები და არც საკმარისი საკვები:

“მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი, დასახიჩრებული მცველები და იმოქმედოს!

სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, ღია ჭრილობებით, არასტერილური სახვევებით, საჭირო მედიკამენტების და საკვების გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ გაერო-ს და “წითელ ჯვარს”, გამოავლინონ ჰუმანურობა და კიდევ ერთხელ დაადასტურონ ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ეს ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ, და გადაარჩინონ დაჭრილი ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში უკვე აღარ მონაწილეობენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, და კიდევ ასობით სხვამ, დაიცვა უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ახლა კი უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ვერ იცავს და ვერ ზრუნავს მათზე?

ვითხოვთ დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ დაეხმარებიან და სათანადო ზრუნვას გაუწევენ”, – წერია პოსტში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. კვირების განმავლობაში, უკრაინელთა წინააღმდეგობის ბოლო წერტილი სწორედ “აზოვსტალის” ქარხანაა. ის გვირაბებისა და ბუნკერების დიდ ქსელს მოიცავს, რომელსაც სამოქალაქო პირებმა შეაფარეს თავი.

გასულ დღეებში უკრაინული და რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ “აზოვსტალიდან” ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა მარიუპოლის მერის თანაშემწე ამბობს, რომ ქარხანაში კვლავ რჩება სულ მცირე 100 სამოქალაქო პირი.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს.

გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი