ახალი ამბები

დიახ, ვრჩები თანამდებობაზე – ცერცვაძე

9 მაისი, 2022 • 938
დიახ, ვრჩები თანამდებობაზე – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება. მანამდე ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან წასვლას ფიქრობს.

დღევანდელ ინტერვიუში, რომელიც ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა, ინფექციურის დირექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „უსამართლობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა“.

მისი განმარტებით, მას აბრალებდნენ როგორც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, ასევე, ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფას. ეს ბრალდებები კი საზოგადოებისა და მედიის ერთი კონკრეტული ჯგუფისგან მოდიოდა. ამასთანავე, ცერცვაძე ამბობს, რომ გარდა ცილისწამებისა, მან წაიკითხა არაერთი მუქარა მისი მისამართით – „ამ ყველაფრის ფონზე, კონტროლი დავკარგე ჩემს თავზე“.

„დიახ, ვრჩები თანამდებობაზე. რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება მაინც ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, რომ დავრჩე, არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია: მე რომ მეგონა თავიდან, იცით, მთელი ქვეყანა დაინგრა და მთელი ქვეყანა ჩემ წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი. იმდენად მცირე ნაწილი, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი – ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში, ვერც ქუჩაში და სხვა. საზოგადოების მხრიდან ვიგრძენი უპირობო და ცალსახა მხარდაჭერა. ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს სამსახურს“,- დასძინას ცერცვაძემ.


27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. როგორც მაშინ მინისტრმა თქვა, როგორც კი კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.მოგვიანებით, 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. მისი განცხადებით, ცდილობენ, რომ მას დააბრალონ თანხების მითვისება და ბრალი დასდონ ავადმყოფების ნაკადების ცუდად მართვაში. თუმცა ცერცვაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა:“ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე.6 მაისს მინისტრმა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად დახარჯვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი