ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.
„თუ ვინმე დანაშაულსს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, — განუცადა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ.
„თანაც საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა და, სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, — თქვა მან.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება.
„სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“, — აღნიშნა მან.
მინისტრმა ისაუბრა კოვიდკლინიკების პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხის შესახებაც.
„2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს, არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში არცთუ ისე ცოტა თანხას — თითოში დაახლოებით 180 ლარს — იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან მინიმუმ 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა“, — განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში კლინიკებისთვის, ჯამში, 1 მილიარდი ლარია გადახდილი.