ახალი ამბები

უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალს, მათ შორის ჩვენთვის – ღარიბაშვილი

9 მაისი, 2022 • 1581
უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალს, მათ შორის ჩვენთვის – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და „მოკლე დროში მშვიდობის აღდგენას“ უსურვებს.

უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს ევროპული არჩევანზე ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი. 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა, თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შესაბამისად, მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას.

„ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“, — დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, მათ შორის, გაყინეს რუსეთის ეროვნული ბანკის დასავლური რეზერვები და გათიშეს მსხვილი რუსული ბანკები SWIFT-დან. ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს ან უკრაინაში ჩასვლას. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი.

ღარიბაშვილისა და „ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები ომის დაწყების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი