ახალი ამბები

“ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას არ ვაპირებთ” — ჯანდაცვის მინისტრი ცერცვაძეზე

6 მაისი, 2022 • 1487
“ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას არ ვაპირებთ” — ჯანდაცვის მინისტრი ცერცვაძეზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მას ხშირად უწევს კონსულტაციას და ფიქრობს, რომ ეს “ამ ტემპში გაგრძელდება”.

ამის შესახებ აზარაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დღეს, 6 მაისს განაცხადა.

“ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, — განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, “რთული სამუშაო რეჟიმის” მიუხედავად, თენგიზ ცერცვაძე და ის ყოველთვის პოულობენ დროს, რომ პერიოდულად გაიარონ კონსულტაციები.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და ამ რეჟიმში და ამ ტემპში გაგრძელდება”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში აუდიტის ჩატარების საკითხს, მინისტრის თქმით, აუდიტი ინფექციურ საავადმყოფოს არ შეეხება და პირიქით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართული სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში.

“ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. როგორც მაშინ მინისტრმა თქვა, როგორც კი კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.

მოგვიანებით, 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. მისი განცხადებით, ცდილობენ, რომ მას დააბრალონ თანხების მითვისება და ბრალი დასდონ ავადმყოფების ნაკადების ცუდად მართვაში. თუმცა ცერცვაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა:

“ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი